ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების კონკურენტული ვაჭრობის პლატფორმაზე სიმულაციების ტრენინგ-სესიების გახსნის ცერემონია გაიმართა
ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების კონკურენტული ვაჭრობის პლატფორმაზე სიმულაციების ტრენინგ-სესიების გახსნის ცერემონია გაიმართა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის კონკურენტული სავაჭრო პლატფორმის სიმულაციის თაობაზე, USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის ფარგლებში ტრენინგები დაიწყო. ტრენინგების მიზანია კონკურენტული ბაზრის მომავალი მონაწილეების მომზადება, რაც მათ საშუალებას მისცემს ეფექტურად ჩაერთონ ენერგეტიკულ ვაჭრობაში. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

სემეკის ცნობით, ტრენინგ-სესიების ოფიციალური გახსნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) გაიმართა.

„ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის თავმჯდომარე ირინა მილორავა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი. კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის საჭიროებების შესაბამისი უნარების განსავითარებლად, USAID-ის ენერგეტიკულმა პროგრამამ ვაჭრობის სიმულაციების ტრენინგების სერია წარადგინა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების უნარების განვითარებას, რომ მათ შეძლონ კონკურენტულ ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობა. ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) სავაჭრო პლატფორმის შემუშავებული დემო ვერსიის საშუალებით ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეები ჩაერთვებიან ბაზრის სიმულაციაში და გამოიმუშავებენ საჭირო უნარ-ჩვევებს რათა მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით კონკურენტულ ვაჭრობაში, რომლის დაწყებაც დაგეგმილია 2021 წლის ივლისიდან. ამ ტიპის ვაჭრობის მექანიზმი ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას სარგებელი მოაქვს როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მწარმოებლისთვის, რადგან ზრდის კონკურენციას ბაზარზე და ხელს უწყობს ფასების გამჭვირვალობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი