ელენე სიჭინავა - ბულინგი არის პრობლემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას და ძალიან ფართოდაა გავრცელებული
ელენე სიჭინავა - ბულინგი არის პრობლემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას და ძალიან ფართოდაა გავრცელებული

ბულინგი არის პრობლემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას და ძალიან ფართოდაა გავრცელებული, – ამის შესახებ ილიას სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ელენე სიჭინავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როდესაც აშკარა ფორმებია, რომელიც მაგალითად, სუიციდით, ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობით მთავრდება, თუ წითელი ხაზები გადაკვეთილია, საზოგადოებისთვის ძალიან ადვილია, ამ შემთხვევას ბულინგი დაარქვას, მაგრამ ამ დროს, არის ბულინგის უამრავი უჩინარი ფორმა, რომელიც ასე ვთქვათ, კადრს მიღმაა და, რომლის იდენტიფიცირებას ვერც მშობლები ახდენენ და ვერც მასწავლებლები. ჩვენ სახელმწიფოს ვთავაზობთ, არსებობდეს სისტემა, ინსტრუმენტები, რომელიც ბულინგის სამ დონეს შეაფასებს და ყველა დონეს ადეკვატური რეაგირება ექნება“, – განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, სახელმწიფოს მიერ არ მოხდა მკაფიო პოლიტიკის ჩამოყალიბება, თუ როგორ უპასუხოს ბულინგს.

„ბულინგის პრობლემის მხოლოდ იდენტიფიცირება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, შემდეგ რას აკეთებს სახელმწიფო. ვთქვათ, დაკვალიფიცირება მოხდა, გვყავს ბულინგის გამტარებელი და დაჩაგრული ბავშვი, მაგრამ შემდეგ რას აკეთებს სახელმწიფო? საჭიროა სისტემაში მოყვანილი განვითარების, მხარდაჭერის პროგრამა, ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც ბავშვს დაეხმარება, კონკრეტული ინციდენტი დაძლიოს და შემდეგ, მოხდეს მისი განვითარება“, – განაცხადა სიჭინავამ.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, პრობლემა აქვს როგორც ბულინგის მსხვერპლ ბავშვს, ისე ბულერ ბავშვს და მათ სხვადასხვა ტიპის დახმარება სჭირდებათ.

„ერთ შემთხვევაში სხვა ტიპის დახმარება სჭირდება, მეორე შემთხვევაში სხვა. შესაბამისად, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ ინდივიდუალური პროგრამა შესთავაზოს, კონკრეტული ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს როგორი განათლების სისტემაც გვაქვს, ზუსტად ისეთი მომავალი საზოგადოება გვეყოლება.

„თუ გვინდა, დასავლურ ინტეგრაციას, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას მივაღწიოთ, დემოკრატიული ღირებულებების და სოციალური კეთილდღეობის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ ისეთი განათლების სისტემით შეიძლება, რომელიც არა მხოლოდ ორ ღერძს ეფუძნება, რომ ადამიანმა ისწავლოს, ზოგადი და პროფესიული ცოდნა მიიღოს, არამედ ისწავლოს, იყოს და იცხოვროს სხვებთან ერთად. ანუ, ადამიანად ყოფნა და ადამიანებთან თანაცხოვრება არის მთავარი საკვანძო ღირებულებები, რასაც განათლების სისტემა უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა ელენე სიჭინავამ.