ელენე ნიჟარაძე - ძალიან მძიმე იყო ორგანიზაციის მიერ განცხადების გამოქვეყნება, ISFED-ისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია
ელენე ნიჟარაძე - ძალიან მძიმე იყო ორგანიზაციის მიერ განცხადების გამოქვეყნება, ISFED-ისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია

ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება, ISFED-ისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ის კომენტარს აკეთებს ორგანიზაციის მიერ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დაზუსტებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ეხლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია. მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ჰქონია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის.

პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას, ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ეხლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა.

ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე.

დარწმუნებული ვარ ბევრი კითხვები იქნება. შეგიძლიათ დამირეკოთ, მომწეროთ პირადში და შევეცდები ყველას გიპასუხოთ. ყველას ეხება ეს, როგორც მეგობრებს, ასევე ჟურნალისტებს. მოკლედ, არ მოგერიდოთ და შემაწუხეთ. ამ წუთას ბრიფინგი დაგეგმილი არ მაქვს, თუმცა შეიძლება დღის განმავლობაში ჩავნიშნოთ და ამასაც ყველას შეგატყობინებთ.

კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!“ – წერს ელენე ნიჟარაძე „ფეისბუქში“.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.