ელენე ხოშტარიას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიებაზე პროკურატურისგან უარი მიიღო
ელენე ხოშტარიას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიებაზე პროკურატურისგან უარი მიიღო

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროკურატურამ უარი თქვა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიებაზე და მხოლოდ აუდიტის სამსახურს მიმართა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ქმედებებში ახალი არაფერია, თუმცა საგანგაშოა სახელმწიფოს რეაქცია, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

„25 აგვისტოს ანტიპუტინისტური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, სადაც ძალიან სარწმუნო ინფორმაცია არის მოყვანილი „პატრიოტთა ალიანისის“ პირდაპირი კავშირების შესახებ კრემლთან, კონკრეტული ფინანსური ცხრილების გამოყენებით, კონკრეტული ინსტრუქციების გამოქვეყნებით, მე მივმართე საქართველოს პროკურატურას, რადგან ეს ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულს და არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი.

მინდა, საზოგადოებას გავაცნო პროკურატურის უპასუხისმგებლო პასუხის შესახებ, სადაც ისინი საუბრობენ, რომ თურმე ამ გამოძიების საფუძველი არ არსებობს და მიმართეს მხოლოდ აუდიტის სამსახურს, თითქოს ეს არის რაღაცა ჩვეულებრივი საქმე, სადაც უნდა გაერკვიონ რაღაც სისწორეში და ფინანსური საკითხების გამჭვირვალობაში. „დოსიეში“ მოყვანილი არის კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელსაც მტრული სახელმწიფო რუსეთი, პირდაპირ კრემლთან დაახლოებული ადამიანები აძლევენ საქართველოში არჩევნებში მონაწილე „პატრიოტთა ალიანსს“. ეს არის არა მხოლოდ ინსტრუქცია, არამედ ჩვენ ვხედავთ, როგორც ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე ამ წინასაარჩვნო პერიოდში „პატრიოტთა ალიანისის“ მხრიდან ამ დავალებების შესრულების ფაქტებს. ჩვენ ვნახეთ ბათუმში კონკრეტული პროვოკაციული შუღლის გაღვივების მცდელობა, როდესაც აჭარა თითქოს ოკუპირებული ტერიტორიაა,  ანტითურქული განწყობების ხელოვნურად გაღვივების ფაქტი ვიხილეთ, რომელიც წარმოადგენს ზუსტად კრემლის ინსტრუქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ.
აქ სიახლე არც რუსული პროპაგანდაა, არც ის არის, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას, არც ის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“  პროსრუსული, მტრული სახელმწიფოს მიერ მართული პარტიაა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშო არის ქართული სახელმწიფოს რეაქცია, რომელიც ამ ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ ,- განაცხადა ელე ხოშტარიამ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას 25 აგვისტოს მიმართა.

ელენე ხოშტარიას თქმით, საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“  შესაძლო რუსულ დაფინანსებას და პლატფორმა „დოსიეზე“ გამოქვეყნებულ სტატიას.

ინტერნეტგამოცემა ორ სხვადასხვა დოკუმენტს აქვეყნებს და ამ დოკუმენტების საფუძველზე იუწყება, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომლებიც საქმიანობაზე ანგარიშს აბარებენ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ რუსული დაფინანსება მიიღო.