ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.

ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის საფუძვლად მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დაასახელა.

ელენე ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ ელოდება ექიმს, რადგან როგორც თავად ამბობს, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვანია.

„ჩემი ამ რადიკალური ზომის, შიმშილობის აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, ჩემი პოზიცია გახლდათ სრულიად გამჭვირვალე. ჩემი მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმთელობისა და ღირსების უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ მივედით იმ მძიმე მდომარეობამდე, როდესაც მის სიცოცხლეს უკვე მიადგა დიდი დარტყმა, რისკი, მის ჯანმრთელობას მიადგა დარტყმა. ჩვენ დროულად არ მოვისმინეთ პროფესიონალი ექიმების პოზიცია და აღმოვჩნდით ძალიან მძიმე ვითარებაში. მე რა თქმა უნდა, შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, თუ რა შეიძლება ყოფილიყო გამოსავალი ამ ვითარებიდან და ჩემი ეს პოზიცია იყო დაფუძნებული ექსპერტებთან, ჩემს კოლეგებთან საუბარზე.

გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით მკურნალობის. ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, ფრთხილები ამ ვითარებაში, როდესაც არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი მღელვარება და როდესაც ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა. სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება, რომ შესულიყო და სწრაფად გამოეტანა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შესახებ. ერთადერთი, ჩვენ ვიცით გადაყვანის პროცესთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ ის უნდა იყოს გადაყვანილი ადვოკატთან ერთად და უნდა იყოს გამჭვირვალე, მშვიდობიანი პროცესი. მოვუსმინე ჩემს კოლეგებს, არც მეპარებოდა ეჭვი, რომ არანაირი არამშვიდობიანი მოქმედებები არ იქნება გადაყვანის პროცესში. ამიტომ როგორც ვთქვი, გორში გადაყვანა, როგორც გადაწყვეტილება, არის ამ უკიდურესი კრიზისის ფონზე გამოსავალი და ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი. ასევე ველოდები და ვიბრძოლებ, გავაგრძელებ ბრძოლას, რომ ეს პროცესი დასრულდეს ბოლომდე, ის იყოს გორში უსაფრთხოდ და გაგრძელდება ბევრი პოლიტიკური ბრძოლა. მე ახლა ველოდები ექიმს. რეაბილიტაციის პროცესი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ველოდები ექიმს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.