ელენე ხოშტარიამ და გიორგი ვაშაძემ გიორგი რურუას შეწყალების​ მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს
ელენე ხოშტარიამ და გიორგი ვაშაძემ გიორგი რურუას შეწყალების​ მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს

„ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო აქტივისტებს გიორგი რურუას შეწყალებისთვის შეგროვებული ხელმოწერები გადასცეს.

მათი თქმით, 8 მარტის შეთანხება უნდა შესრულდეს და გიორგი რურუა გათავისუფლდეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილებმა ამ მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართეს და გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდეს.

„არჩევნები ტარდება შეუსრულებელი პირობებისა და პოლიტიკური დევნის ფონზე. გიორგი რურუა, რომელიც იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. მთელი მსოფლიო გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ მისი ციხეში ყოფნა არის პოლიტიკური დევნა და ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. ამის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა პოლიტიკური დევნა.

ჩვენ ვუერთდებით ინიციატივას, რომელიც გამოთქვეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, შეიწყალოს გიორგი რურუა, დღეს მის ხელში არის გასაღები ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი ვაშაძის თქმით, გიორგი რურუა არის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ადამიანი ჩასვა ციხეში.

„საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ანგარიშსწორება და უპირო პოლიტიკოსები ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში. რასაც აწერ ხელს ის, ყოველთვის უნდა შეასრულო.
გიორგი რურუა არის ნათელი მაგალითი, როგორ შეგიძლია ადამიანი უბრალოდ ჩასვა ციხეში, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სამოქალაქო აქტივისტებმა გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 23 სექტემბერს დაიწყეს. მათი წარმომადგენლის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, შეგროვებული ხელმოწერებით ისინი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ.

დატოვე კომენტარი