ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიმართვა გააცნო
ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიმართვა გააცნო

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიმართვა გააცნო.

„მინდა, გაგაცნოთ საერთო ოპოზიციური მიმართვა, რომელიც გახდება მიმართვა მას შემდეგ, რაც მივიღებთ თქვენს მხარდაჭერას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური ძალები მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან ის არ ასახავს ხალხის ნებას. ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. ეს პოზიცია სრულად გაიზიარა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც შევიდა და ვერ შევიდა გაყალბებული ციფრებით პარლამენტში. დაფიქსირდა უპრეცედენტო ოპოზიციური ერთიანობა.

აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ – ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არჩევნები ვერ იქნება მიახლოებულიც კი თავისუფალთან, თუ არ შესრულდება მეორე მოთხოვნა. თამარ ჟვანია უნდა გადადგეს. კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით. და ბოლოს, ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული. წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 20:00 საათამდე, რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადაწყვიტოს, რა უნდა, წავა თავისთვის, თუ მაინც მოუწევს წასვლა, რადგან ამ ძალას ვერავინ დაუპირისპირდება. ეს არის მოთხოვნები და წამზომი ჩართულია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.