ელენე ხოშტარია - წინა ხელისუფლების დროს მოსმენების პრობლემა იყო, მაგრამ არ იყო გამოქვეყნება იმ მასშტაბით, როგორც ახლა
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების დროს მოსმენების პრობლემა იყო, მაგრამ არ იყო გამოქვეყნება იმ მასშტაბით, როგორც ახლა.
„წინა ხელისუფლების დროს მოსმენებისა და ადამიანების უფლებების დაცვის პრობლემა, რა თქმა უნდა, იყო; გამოქვეყნება იმ მასშტაბის, რომელიც ხდება ახლა, რაც შანტაჟია ადამიანის უფლებებით, არ იყო; ჩაწერის პრობლემა, პოლიტიკური პოლიციიის პრობლემა, მოსმენის პრობლემა ნამდვილად იყო და თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რომ ეს პოლიტიკური პოლიცია არ არსებობდეს.
მაგრამ დღეს რასაც ჩვენ ვუსმენთ, ეს არის ხარისხობრივად ახალი ეტაპი, აბსოლუტური, ტოტალური მოსმენის გამოყენების, შანტაჟის და განაცხადისა – ასე ვაპირებთ გმართოთთო. დემოკრატიის თვალსაზრისით, ბევრი პრობლემა გვქონია და ახლა დადგა დრო, რომ ეს აღმოიფხვრას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.