ელენე ხოშტარია - ვულოცავ ახალგაზრდებს, რომლებმაც მშვიდობიანი პროტესტით დღეს პირველ გამარჯვებას მიაღწიეს
ელენე ხოშტარია - ვულოცავ ახალგაზრდებს, რომლებმაც მშვიდობიანი პროტესტით დღეს პირველ გამარჯვებას მიაღწიეს

მინდა, მივულოცო ჩვენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი, მშვიდობიანი პროტესტით დღეს პირველ გამარჯვებას მიაღწიეს, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, აქციის მონაწილეების გამძლეობით სავსე და პრინციპულმა ბრძოლამ პირველი შედეგი გამოიღო​.

„თქვენ მოახერხეთ, უკან დაახევინოთ ​„ქართულ ოცნებას“ და მიაღწიეთ სამართლიან პროპორციულ სისტემას, თქვენ უთხარით ყველა პოლიტიკოსს და მომავალ მთავრობას, რომ არც ერთი შემთხვევა ჩვენი საზოგადოების ღირსების შელახვის უკვალოდ ვერ გაივლის და ყველა მომდევნო ხელისუფლება პასუხისმგებელი იქნება ​მსგავს უღირს და უკანონო საქციელზე. გულწრფელად ვულოცავ აქციის ორგანიზატორებს, ყველა აქტიურ ადამიანს, დაშავებულ და დაპატიმრებულ ადამიანებს, თქვენმა მშვიდობიანმა, გამძლეობით სავსე, პრინციპულმა ბრძოლამ პირველი შედეგი გამოიღო. ამასთანავე, აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე, ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ისინი ვაჭრობდნენ ერთი დღით კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი მაშინ, როდესაც გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება, იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი. გახარია არის მინისტრი, რომელმაც პირდაპირ გასცა ბრძანება, დამიზნებით ესროლათ და ​დაესახიჩრებინათ ადამიანები. დღემდე სამი ადამიანი ებრძვის სიკვდილს, ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ეს ვერ შერჩება შინაგან საქმეთა მინისტრს. ის არის ამ პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი და პასუხისმგებელი, ამიტომ მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია.

ბრძოლა გრძელდება, რადგან ჩვენ ვიცით, ოცნებას როგორ შეუძლია პირობების გატეხვა, მაგრამ დღეს თავისუფალმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ღირსების შელახვა არც ერთ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში აღარ გაუვა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კითხვაზე, „ევროპული საქართველო საარჩევნო კონსულტაციებში ჩაერთვება თუ არა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ჩაერთვება და პარტია კონსულტაციებს გაივლის სამოქალაქო საზოგადოებასთან, აქციის ორგანიზატორებთან.

„მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან პირველ რიგში, ეს არის მათი გამარჯვება და ჩვენ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.