ელენე ხოშტარია - სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლას
ელენე ხოშტარია - სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლას

სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„სიმართლე გითხრათ, კიდევ უფრო გულწრფელი რომ ვიყო, არც ვნანობ, რადგან იქ ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. სხვათა შორის, იმ პერიოდში იქ დასავლელი ლექტორებიც ჩამოდიოდნენ. პროპაგანდისტული სწავლა არ იყო და პირიქით, ძალიან პროდასავლელი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც მერე, პუტინის პერიოდში გააგდეს ამ უნივერსიტეტიდან. ეს იყო ძალიან ინტენსიური სწავლა და რა თქმა უნდა, ისეთი შეგრძნება, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მანქანას შუაგულიდან იცნობ, ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, უნივერსიტეტში აბსოლუტურად ღია მსჯელობა იყო ყველაფერზე – რუსეთის იმპერიალიზმზე, 9 აპრილზე, ლიბერალიზმზე და ა.შ.

„ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, როდესაც სხვათა შორის, პუტინი მოდიოდა და ნელ-ნელა, ჩემ თვალწინ, სიტყვა ლიბერალი სალანძღავი სიტყვა ხდებოდა. ლიბერასტი – იყო ასეთი მიმართვა და ეს ტრანსფორმაცია, ამის ყურებაც ძალიან საინტერესო იყო”, – განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლა მისთვის საოცნებო საერთოდ არ ყოფილა.

„პირიქით, მე გერმანულენოვანი სკოლა დავამთავრე და ჩემთვის ძალიან სასურველი იყო გერმანიაში სასწავლებლად წასვლა, მაგრამ მაშინ ეს ფინანსურად აბსოლუტურად შეუძლებელი იყო და როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის შვილს კვოტირებით საშუალება მქონდა, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში უფასოდ მესწავლა. მაშინ, ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, რაზეც სხვათა შორის, თავის დროზე გვისაუბრია მე და მამას. ვლაპარაკობდით, რომ აი, მტრის ბანაკში უნდა შეხვიდე და სწორედაც კარგად უნდა ისწავლო. პრინციპში, ეს იყო ამ განათლების მიღების მთავარი მოტივატორი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ამ განცხადებით ელენე ხოშტარიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ ჩააბარა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში მაშინ, როცა მეორე ქართული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილს ალბათ, ექნებოდა შესაძლებლობა, განათლება სხვაგანაც მიეღო.

შეკითხვაზე, მიიღებდა თუ არა იგივე გადაწყვეტილებას ამ გადასახედიდან, როცა ამ ინსტიტუტში სწავლას ხშირად აძახებენ, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ იგივე ვითარებაში იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„სიმართლე გითხრათ, ამ წამოძახებას სერიოზულად არ აღვიქვამ. შეკითხვის დასმის უფლება ნებისმიერს აქვს და მით უმეტეს, საჯარო პირის განათლება თუ ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება, განსჯის საგანი იყოს. თუმცა, ძალიან იაფფასიანი იყო პროპაგანდა, რომელიც დაიწყო, თითქოს, ეს ჩემ ფასეულობებზე, პრინციპებზე და ა.შ მეტყველებს. ამან ისეთი სახეც კი მიიღო, რომ ტყუილებს ავრცელებდნენ, თითქოს, გავრილოვი ჩემი ლექტორი იყო. ეს რას შეცვლიდა არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა და რუსეთის ჰიმნის ქვეშ არანაირ გამოსაშვებზე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.