ელენე ხოშტარია – შემოვიდა „ქოცი“ ჩემთან რესტორანში? ვეუბნები, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიდრე არ იქნება, შენ ამ ხინკალს ვერ შეჭამ

14:00, 31.07.2026

ჩვენ გვჭირდება თავისუფალი არჩევნები, მაგრამ ხალხისთვის არ გვიჩვენებია ერთხმოვანება და ჩვენი ბრძოლის მიზანმიმართული გზა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ციხიდან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია ზეწოლა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ეს უნდა გახდეს საზოგადოებისთვის საერთო ამოცანა.

„ჩვენ გვჭირდება თავისუფალი არჩევნები, მაგრამ არ ვეუბნებით ამ ხალხს, როგორია თავისუფალი არჩევნები. არ ვეუბნებით, რომ ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. არ ვეუბნებით, რომ მე ყველაფერს ვიზამ, რათა მივაღწიო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. არც იმას ვეუბნებით, რომ დასავლეთთან შეთანხმებული ვარ, რომ მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მივაღწიოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ასეთი ერთხმოვანება და მიზანმიმართული გზა ჩვენი ბრძოლისა ხალხისთვის არ გვიჩვენებია. უნდა დაიწყოს კამპანია, არა ისეთი, რომ უბრალოდ აქცია ზეგ. რა თქმა უნდა, აქციების გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ აქციამდე მუშაობით, სიარულით, მობილური ჯგუფებით, სოციალური მედიით, ფიზიკური, სატელევიზიო კომუნიკაციით, ახსნით ხალხში უნდა გავაჩინოთ განცდა. უნდა დაიჯეროს ხალხმა, რომ ეს არის გამოსავალი, ჩვენ ამაში არ უნდა მოვატყუოთ. საზოგადოებისთვის ეს საერთო ამოცანა როდესაც გახდება, უკვე მიხვდება, რომ ამას ყველგან მოვითხოვ.

შემოვიდა „ქოცი“ ჩემთან რესტორანში? ვეუბნები, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიდრე არ იქნება, შენ ამ ხინკალს ვერ შეჭამ. ყველა შემთხვევაში, ჩვენი სოციალური მათ შორის ზეწოლის, იზოლაციის, აზრის, ნების გამოხატვის ყველა ფორმა უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ მორჩა, არაფერი იქნება, ვიდრე არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. როდესაც ეს საზოგადოებრივი გაცნობიერების ამოცანა მივა აქამდე და ვფიქრობ, დიდი დრო არ დასჭირდება, შემოდგომისთვის ასე იქნება …

არ არის ასე მარტივი, რომ შევიკრიბებით, დავიშლებით. როდესაც ვიტყვით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ პოლიტიკოსებმა, ხალხს ყველაფერი ავუხსენით და ხალხმა ეს დაიჯერა, მოითხოვა ყველგან – სახლში, ქუჩაში, მაღაზიაში, რესტორანში, დაბადების დღეზე, ქორწილში, გასვენებაში, ყველგან ამას ითხოვენ, ყველანი ერთად გამოვედით – ეს იქნება კულმინაცია.

ამის პარალელურად, ჩვენ უნდა ვუთხრათ პარტნიორებს, იცით რა, მეგობრებო? ხალხს იჭერენ, ცემენ, ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ გამოვიდა 300 ათასი, ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ გთხოვთ ელემენტარულ რამეს, ეს ხუთი პუნქტი თუ რამდენიც იქნება, დაათმობინეთ. ეს იქნება კონცენტრირებული ზეწოლა, აქ 300 ათასი ადამიანი, პარალელურად, იქიდან ყველას ეცოდინება, რომ ამ კულმინაციამდე მივდივართ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი