ელენე ხოშტარია - შემაკავებელი ორდერი მოძალადეს ვერ აფერხებს
ელენე ხოშტარია - შემაკავებელი ორდერი მოძალადეს ვერ აფერხებს

ფაქტია, რომ შემაკავებელი ორდერი არ არის მოძალადის შემაფერხებელი. ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის კომენტირებისას გააკეთა. მისი თქმით, პრევენციის უკეთესი საშუალება 48 საათიანი დაკავება იქნება, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია.

„როგორც პრაქტიკაში ვნახეთ, საკანონმდებლო მექანიზმები დასახვეწია.ზედაპირზე დევს შემაკავებელი ორდერის სისუტე. ეს ორდერი რეალურად არ არის მოძალადის შემაფერხებელი. ამიტომ დაგვებადა იდეა,  მოხდეს მოძალადის 48 საათით დაკავება. ეს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია, რომელმაც მკვლელობების რიცხვის შემცირებას შეუწყო ხელი “-განაცხადა ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ ძალადობა ხშირად აფექტური მდგომარეობის შედეგია და 48 საათიანი დაკავება შესაძლოა ზოგჯერ გამოსავალი იყოს.

„ხშირად, ამ ორდერის გამოწერის შემდეგ უარესი, ზოგჯერ ლეტალური შედეგი დგება. ზოგჯერ ეს არის დაკავშირებული თრობასთან, ან აფექტურ მდგომარეობასთან. ამ შემთხვევაში 48 საათით დაკავება გამოსავალია ხოლმე. ეს არ არის გარანტია, რომ საერთოდ გაქრება ძალადობა, მაგრამ  საუბარია, რომ შევამციროთ ძალადობის შემთხვევები და მეტად დავიცვათ მსხვერპლი. ეს გარკვეულად პრევენციის საშუალებაც იქნება. ყველას ეცოდინება, რომ ძალადობა გამოიწვევს დაკავებას და არა ქაღალდის გამოწერას”-განაცხადა ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ მსგავსი მკვლელობები განსაკუთრებით მძიმე კატეგორიაში უნდა მოხვდეს.

„ ეს იქნება გზავნილი, რომ სახელმწიფო ძალიან მძიმედ შეხვდება ასეთ დანაშაულს”-განაცხადა მან.