ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, საკუთარი სახლებიდან მხარდამჭერი ბანერები ჩამოხსნან
ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, საკუთარი სახლებიდან მხარდამჭერი ბანერები ჩამოხსნან

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, ჩამოხსნან საკუთარ სახლებზე დაკიდებული მხარდამჭერი ბანერები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრებმა, გიგა ბოკერიამ და ელენე ხოშტარიამ დღევანდელ ბრიფინგზე მთაწმინდაზე საარჩევნო გარემო შეაფასეს.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ფიქსირდება ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები.

„თბილისის მერიამ მთაწმინდაზე, ოთხ ლოკაციაზე მოხსნა შალვა შავგულიძის ბანერი. 27 მაისს შალვა შავგულიძის შტაბმა ოფიციალურად მიმართა მერიას, რათა მოეცათ ნებართვა აღნიშნულ ლოკაციებზე ბანერების განთავსების მოთხოვნით. 28 მაისს მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხი უნდა განიხილონ საბჭოზე და არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, 3 ივნისს გასცა ბანერების დაკიდებაზე ნებართვა. იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, ირმა ინაშვილის ანალოგიური ბანერები ქალაქის ცენტრში გამოკრული იყო თვეების განმავლობაში ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მერიას მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ გადაწყვეტილება საბჭოებზე განხილვის შემდეგ უნდა მიიღონ, ჩვენთვის დროის გაწელვა კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლას წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, ჩამოხსნან საკუთარ სახლებზე დაკიდებული მხარდამჭერი ბანერები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი ინფორმაციით, 30 მაისს, ახვლედიანის ქუჩაზე შალვა შავგულიძის ამომრჩეველმა საკუთარი სახლის აივანზე გადმოფინა შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერი. ხოშტარიას თქმით, აღნიშნული ბანერის  ჩამოხევას ცდილობდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი ალი ბაბაევი.

„ალი ბაბაევმა თავი დაგვამახსოვრა მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის დაცვით, რომელმაც ადამიანს შარდი წაუსვა სახეზე და აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გაკეთებული კომენტარით, „აფგან მუხთარლისნაირიმუხთარლები“ საქართველოში მრავლად არიან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. არჩევნების მეორე ტური „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლადო კახაძესა და „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის ტარდება.