ელენე ხოშტარია - პოლიცია როდესაც უყურებს ძალადობას და ვერაფერს აკეთებს, ეს არის ქვეყნის ფუნდამენტის დანგრევა

პოლიცია როდესაც დგას, უყურებს ძალადობას და ვერაფერს აკეთებს, ეს არის ქვეყნის ფუნდამენტის დანგრევა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ვიდეომასალა წარადგინა.

მისივე თქმით, ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ არიან საარჩევნო უბნებზე მობილიზებული კრიმინალური ავტორიტეტები და ქალებს  შეურაცხყოფას აყენებენ.

„ჯამბულის ქუჩაზე მე და ნინო გოგუაძე სპეციალურად ვიყავით, რადგან არ მომხდარიყო რამე კონფლიქტი. აქ იყო წარმოუდგენელი კონცენტრაცია კონკრეტული კრიმინალების, აქ იყო .ე.წ. „დობო“, ცნობილია მისი კრიმინალური წარსული. მისი მეგობარი გაგი მადოევი, ისინი სულ ერთად არიან. ასევე აქ იყვნენ „ოცნების“ კოორდინატორები, რომლებიც ძალიან შეწუხდნენ და ცდილობდნენ ამ სიტუაციის განმუხტვას. აქ საუბარია იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა უბანთან მოაწყო ასეთი კრიმინალების კონცენტრაცია და ზუსტად ამ ყველაფერს უყურებდა პოლიცია. ვინც არ უნდა იყოს დღეს მინისტრი, მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პოლიცია იქ იყოს და ასეთი კრიმინალური ადამიანები შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალებს. ვიდეოში ჩანს „დემე“, რომელიც კალაძის მარჯვენა ხელია და არჩევნებს უგვარებს, ასევე ჩანს დემესთან დაკავშირებული ხალხი, „დობო“, მთელი დაჯგუფებაა კრიმინალური ადამიანების. ანუ სსიპ-ები, აიპ-ები, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, კრიმინალები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან კალაძესთან და ხელისუფლებასთან, ეს არის ის გზა, რომლითაც ხელისუფლება უბრალოდ გვართმევს არჩევანს, მაგრამ გარდა ამისა, ეს ანგრევს ქვეყანას. როდესაც პოლიცია დგას, უყურებს ძალადობას და ვერაფერს აკეთებს, ეს არის ქვეყნის ფუნდამენტის დანგრევა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.