ელენე ხოშტარია - პაატა ბურჭულაძის სიმღერა სანქტ-პეტერბურგში განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა სახელმწიფოსთვის
ელენე ხოშტარია - პაატა ბურჭულაძის სიმღერა სანქტ-პეტერბურგში განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა სახელმწიფოსთვის

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პაატა ბურჭულაძე კულტურის სფეროში საქართველოს ერთ-ერთი სახეა და სანქტ-პეტერბურგში მისი სიმღერა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულად მძიმე დარტყმა იყო.

როგორც ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან იმღერებს და იცეკვებს, ეს ქვეყნისთვის ზურგში დარტყმის ტოლფასია.

„ჩემი პარტიის წევრი რომ იყოს, ზუსტად იგივეს ვიტყოდი. ვინც ამას აკეთებს, სახელმწიფოს ზურგში დანას ურტყამს. ამ თვალსაზრისით არანაირი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. ბურჭულაძე განსხვავებული შემთხვევაა, მომღერლის გარდა, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აქვს და მისგან ასეთი საქციელი კიდევ უფრო მიუღებელია. იმას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია ის, როცა რუსეთი ილუზიას ქმნის, რომ ხალხი მათთან ურთიერთობაში თავს გადასარევად გრძნობს და ვითომ კულტურა სხვა სფეროა. პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსია, კულტურის სფეროში საქართველოს ერთ-ერთი სახეა და მისგან განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა სახელმწიფოსთვის“, – დასძინა ხოშტარიამ.

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში  15 დეკემბერს დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.