ელენე ხოშტარია - მტკიცედ მჯერა კოალიციის, პოზიცია თუ შეიცვლება, ვინმეს ერთპიროვნულ მობრუნებაში არათუ მონაწილეობას არ მივიღებ, არამედ გავუწევ წინააღმდეგობას
ელენე ხოშტარია - მტკიცედ მჯერა კოალიციის, პოზიცია თუ შეიცვლება, ვინმეს ერთპიროვნულ მობრუნებაში არათუ მონაწილეობას არ მივიღებ, არამედ გავუწევ წინააღმდეგობას

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე ვიდრე არ მოიხსნება, არც ერთი წამით არ ვაპირებ, უკან დავიხიო, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხი, რომლის გამოც შიმშილობს, ყველანაირ პარტიულ თუ პიროვნულ დაპირისპირებაზე მაღლა დგას.

ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა. განწყობილი ვარ აბსოლუტურად მშვიდად, რაციონალურად, ვიბრძოლო ბოლომდე, რადგან ეს არის სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლება და დესტაბილიზაციის თავიდან არიდების საშუალება. მინდა, ავღნიშნო, დღეს იყო მოსული ირაკლი ზარქუა და ლევან იოსელიანი, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ზიზღის კამპანია არ წყდება და მუდმივად მიმდინარეობს, მე ადამიანურად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც აქ მოდის. ასევე მინდა, ვთქვა, რომ არანაირი პირადი წყენა არ მაქვს არც წილოსანის მიმართ, „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადეგენლის მიმართ, ვინც პირადად მესხმის თავს. საკითხი, რომლის გამოც ვშიმშილობ, არის ყველანაირ პარტიულ თუ პიროვნულ დაპირისპირებაზე მაღლა, ზუსტად იმავეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც და ყველასთვის. სიცოცხლის უფლებაზე ჩვენ თუ არ შევთანხმდით ამ ქვეყანაში, უბრალოდ, აზრი არაფერს აქვს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მან კოალიციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოალიციის პირობები თუ შეიცვლება, ვინმეს ერთპიროვნულ მობრუნებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ პოზიციას, შიმშილობის დაწყებისთანავე ვთქვი, რომ მე არ ვარ სააკაშვილის ამომრჩეველი. არ მიმაჩნია, რომ უნდა დავბრუნდეთ წარსულში. ღრმად, მტკიცედ მჯერა კოალიციის და ჩემი პოლიტიკურად თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამომდინარეობს სწორედ ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“, ამ შემთხვევაში სააკაშვილის დღევანდელი პოზიციით, რომ კოალიცია არის ერთადერთი გამოსავალი. თუ ეს პოზიცია შეიცვლება, ცხადია, მე ასევე შევცვლი ჩემს პოზიციას და სხვა კონფიგურაციაში, ვინმეს ერთპიროვნულ მობრუნებაში არათუ მონაწილეობას არ მივიღებ, არამედ გავუწევ წინააღმდეგობას. ეს ჩემი მყარი პოლიტიკური პოზიციაა და არანაირ კავშირში არ არის იმ პერსონალურ სოლიდარობასთან, რომელსაც ვუცხადებ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს.

ეს არ არის პოლიტიკური აქტი, ეს არის ადამიანური სოლიდარობა და ქვეყნისთვის საფრთხის არიდების გზა. რაც არ უნდა სოლიდარული ვიყო, ჩემი პოლიტიკური პოზიცია ვერაფრით შეიცვლება. მე ვერ შევიცვლი პოზიციას ჩემს კრიტიკასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის თუ სხვენის მიმართ. მე ამას პირადად ვეუბნები სააკაშვილს და არავისთვის ეს სიახლე არ არის. ზოგადად, უნდა შევეჩვიოთ, რომ ვიყოთ გულწრფელები, გახსნილები და თანმიმდევრულები ჩვენს პოზიციებში.

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის სიკვდილის საფრთხის წინაშე. მანიპულაცია ტელევიზიების და „ქართული ოცნების“ მხრიდან, თითქოს დღეს დგას მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე მოსვლის საკითხი, არის უსინდისობა. მას გაცხადებული აქვს, რომ თანამდებობა არ უნდა და დღეს ის დგას სიკვდილის საფრთხის წინაშე. ამიტომ პრიორიტეტები უნდა განვსაზღვროთ ყველამ, ნამუსი არ უნდა დავკარგოთ, რაც არ უნდა პოლიტიკური კონიუქტურა არსებობდეს“, – აღნიშნა ხოშტარიამ.