ელენე ხოშტარია - მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია მოიტაცეს და გამოკეტეს, ბევრად ძლიერია, ვიდრე ერთად აღებული „ქართული ოცნება“ თავისი სპეცრაზმით
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია მოიტაცეს და გამოკეტეს სადღაც, არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელი ერთად აღებული „ქართული ოცნება“ თავისი სპეცრაზმით, თავისი პოლიციით, თავისი პროკურატურით, თავისი მონა მოსამართლეებით, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციაზე ოპოზიციონერმა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიას თქმით, ნიკა მელია არის ძლიერი, რადგან აქვს თავგანწირვა, გამბედაობა, ქვეყნის სიყვარული.
„ნიკა მელია არასდროს გაჩერდება, ჩვენთან, ყველასთან ერთად, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა და არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს. ეს ძალა თქვენ თითოეულმა უნდა იგრძნოთ, ჩვენ ერთად ვართ ბევრად უფრო მეტნიც, ბევრად ძლიერები, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლის ძალას ვერ დაამარცხებს ვერანაირად ფული.
მეგობრებო, მე შემიძლია, დაგპირდეთ, ჩვენ ვიწყებთ განმანთავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე, რადგან არ გვაქვს დასაკარგი ქვეყანა. ნიკა მელიას დაჭერა ცდება უბრალოდ, ერთი ადამიანის გამოკეტვას. ჩენ გვყავს პოლიტპატიმრები – გიორგი რურუა დღემდე გამომწყვდეულია ციხეში“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა, დიქტატურაში გვაცხოვროს.
„მან გამოგვიცხადა, რომ თითოეული მოქალაქის თავისუფლება დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის ნებაზე და ამაზე უნდა მიიღოს მტკიცე უარი. პირობას ვდებ, რომ ყველა ერთად ძალიან კარგად გავაგონებთ ამ უარს და გამოგვლიჯავთ ქვეყანას, მივცემთ მომავალს და არა წარსულს, საბჭოთა წარსულს, ეს ერთადერთია, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა იცის. არანაირი ხელების ჩამოყრა, არანაირი შიში, შემართება და ბრძოლა გამარჯვებამდე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.