ელენე ხოშტარია - მაკვირვებს კალიურანდის განცხადება, რომელიც საუბრობს საარჩევნო შედეგებზე ისე, რომ ჯერ არც ერთი საჩივარი არ არის განხილული, მისი დასკვნები ნაადრევია
ელენე ხოშტარია - მაკვირვებს კალიურანდის განცხადება, რომელიც საუბრობს საარჩევნო შედეგებზე ისე, რომ ჯერ არც ერთი საჩივარი არ არის განხილული, მისი დასკვნები ნაადრევია

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პოლიტიკური მსჯელობის საგანია, ვინ როგორ აფასებს პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას. ხოშტარიას თქმით, რაც შეეხება კანონმდებლობას, საქართველოში არ არსებობს სასამართლო.

„საქართველოში არსებობს პოლიტიკური დევნა.შესაბამისად, ერთი საკითხია, ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს სააკაშვილი, მეორე საკითხია, ირღვევა თუ არა მის მიმართ კანონი. რაც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რაღაცა მოუწოდა, არანაირი მოწოდება არ ყოფილა, იყო საუბარი იმაზე, რომ გაყალბების შემთხვევაში ხმების დაცვა არის აუცილებელი.

ფაქტი ჯიუტია, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა ისე, რომ მან არ მოინდომა ამას მოყოლოდა არეულობა, ეს არის ფაქტი. შემოვიდა და ჩაჯდა ციხეში, ამიტომ ამ თემაზე სპეკულაციები ვერ იქნება“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, ხოშტარიას შეფასებით, არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის დასკვნები ნაადრევია.

„მაკვირვებს ქალბატონი კალიურანდის განცხადება, რომელიც საუბრობს საარჩევნო შედეგებზე ისე, რომ ჯერ არც ერთი საჩივარი არ არის განხილული. შეუძლებელია, საბოლოო შედეგზე ვილაპარაკოთ საჩივრების განხილვის პროცესის გარეშე. ჩვენ თუ შევხედავთ, რომ არასამთავრობოების, ყველა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნების მიუხედავად, გადათვლები არ მოხდება, საჩივრები არ იქნება განხილური, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმა ექნება საარჩევნო პროცესს, რადგან არანაირი დარღვევის დაფიქსირებას აზრი არ აქვს, თუ შემდეგ ეს არ იქნება სათანადოდ განხილული ცესკო-ში და სასამართლოში. ნაადრევია მისი დასკვნები და ჩვენ ვხედათ ამერიკელების, ოდირის და არაერთ საერთაშორისო დასკვნას, რომელიც უმძიმეს დარღვევებზე საუბრობს.

მე ვერ დავკავდები ანალიზით, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება, შემიძლია, ვთქვა პოლიტიკური შეფასება, როგორი ძალაუფლება აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორი ძალაუფლება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინ არის კარგი და ვინ – ცუდი პოლიტიკოსი. ამაზე ყველას თავისი აზრი შეუძლია, ჰქონდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, არეულობას შეუწყო ხელი, თუ არ შეუწყო, და ფაქტია, ჩამოვიდა ისე, რომ არც ერთი მოწოდება, რომ დამიცავით მე, არ გაუკეთებია. სახლში მარტო დახვდა პოლიციელებს და მშვიდად, გაღიმებული შევიდა ციხეში. ის შიმშილობს და იბრძვის თავისი უფლებებისთვის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე“.

მისივე თქმით, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისა და ნების გამოხატვისკენ, რაც ხალხმა არ გააკეთა.