ელენე ხოშტარია - კინოში წასვლა არის უფლება, ხოლო დარბევა ძალადობა
ელენე ხოშტარია - კინოში წასვლა არის უფლება, ხოლო დარბევა ძალადობა

კინოში წასვლა და ფილმის ჩვენების ჩაშლა, დარბევა არ არის თანაბარი უფლება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასა და დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კინოში წასვლა არის უფლება, ხოლო დარბევა – ძალადობა.

„ჩვენი კონსტიტუციითა და კანონით ძალადობის უფლება არავის არ აქვს. შეიძლება რაღაცა ჯგუფებს არ მოსწონდეთ რაღაც ფილმი, წიგნი ან რაღაც ქმედება, ამისთვის მათ აქვთ გარანტირებული მშვიდობიანად აზრის გამოხტვა. რაც  მოვისმინეთ, უკვე კანონდარღვევაა, რადგან  იყო პირდაპირი მუქარა ძალადობაზე, მათ შორის პოლიციის მიმართ ძალადობაზე, ვინაიდან საუბარი იყო კორდონის გარღვევაზე, ფილმის ჩვენების ჩაშლაზე, რაც ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც უფლება. კერძოდ, თალაკვაძემ თქვა, რომ ეს არის ორი უფლების დაახლოებაო. კინოში წასვლა და ამის დარბევა არ არის თანაბარი უფლება. კინოში წასვლა არის უფლება და დარბევა არის ძალადობა. ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ ეს უნდა აღკვეთოს, მსგავსი განცხადებები არ უნდა გააკეთოს, რადგან ეს ახალისებას ძალადობას“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ჯგუფები, რომლებიც კინოჩვენებას ეწინააღმდეგებიან, რუსეთთან არიან დაკავშირებული.

„ისინი საუბრობენ რუსეთის პროპაგანდის ენით, რომელიც ანგრევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დიმიტრი ლორთქიფანიძე, ეს არის ადამიანი, რომელიც პრიმაკოვის ფონდიდან, პრაქტიკულად კრემლიდან იღებს ფულს და მის ინტერესშია, მსგავსი ძალადობა, ესკალაცია შემოიტანოს ქვეყანაში. არანაირი ცენზურა არ არის საჭირო, ამას არ შევეგუებით. ეს არის კამპანია, თავდასხმა ფილმზე, რომელიც არ მოსწონს საზოგადოების რაღაც ნაწილს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ მუქარის შემცველი განცხადებების ავტორები დაკითხვაზე უნდა იყვნენ.

„სახელმწიფო არის არაადეკვატური, აქცენტს აკეთებს არა იმაზე, რომ გააჩერებს მოძალადეებს და არ დაუშვებს ძალადობას, საუბრობენ მოგონილ ცენზურაზე, რომელსაც ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში. ვინც მუქარას გამოთქვამდა, ახლა უნდა ისხდნენ დაკითხვაზე პოლიციაში,“ ,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს გაიმართება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. მისივე თქმით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

კინოთეატრებთან, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, ამწუთებში პოლიციაა მობილიზებული.