ელენე ხოშტარია - ხელისუფლება რეპრესიებზე გადავიდა, ჰგონიათ, ამ გზით შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, სინამდვილეში, პირიქით მოხდება
ელენე ხოშტარია - ხელისუფლება რეპრესიებზე გადავიდა, ჰგონიათ, ამ გზით შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, სინამდვილეში, პირიქით მოხდება

ხელისუფლება მიზანმიმართულად ბევრი მიმართულებით რეპრესიების გზაზე გადავიდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ხაზარაძე აპირებს პოლიტიკაში შემოსვლას და მისთვის ფინანსური წყაროების გადაკეტვის მიზანია, პოლიტიკური საქმიანობა ვერ შეძლოს.

„ხელისუფლება მიზანმიმართულად ბევრი მიმართულებით გადავიდა რეპრესიების გზაზე, მათ შორის ხაზარაძეზე, რომელიც აპირებს, შემოვიდეს და შემოსულია პოლიტიკაში. ხდება მის მიმართ რეპრესიები და ფინანსური წყაროების გადაკეტვა, რათა ვერ შეძლოს პოლიტიკური საქმიანობა. ეს არის საერთო სურათი, აბსოლუტურად ნაცნობი, რუსული, პოსტსაბჭოთა მოდელი, როდესაც დაკარგული აქვს მხარდაჭერა, გადადის რეპრესიებზე და ჰგონია, ამ გზით შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, სინამდვილეში  პირიქით მოხდება“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს,  რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ მათი ფულადი სახსრები ბრიტანეთში არის კრიმინალური წარმოშობის. ჯაფარიძის შეფასებით, ამის მიზანია, ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს. მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ინგლისში შესაბამის სამსახურს გაუგზავნა ნოტა, მოითხოვა ინფორმაცია მათი ანგარშების შესახებ და ანგარიშების დაყადაღება.