„ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიცია ჯამურად უგებს ხელისუფლებას.
ხოშტარიას თქმით, ახლა ოპოზიციამ ხმების გაყალბება არ უნდა დაუშვას.
„საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა, სადაც ყველა პირველი მონაცემით აბსოლუტურად ცხადია, ჯამურად ოპოზიცია უგებს ხელისუფლებას.
ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი ცვლილებისკენ, კოალიციური, მრავალფეროვანი პარლამენტისკენ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ეგზიტპოლების შემდეგ რეალურად უბნებზე დათვლა მიმდინარეობს, მთლიანად ოპოზიცია ვიდგეთ ძალიან მყარად და არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ უფლება, რომ წაგვართვას ეს გაკეთებული არჩევანი. გარდა იმისა, რომ პროპორციულად ოპოზიციას აქვს მეტი, ჩვენ ვნახეთ, რომ მაჟორიტარულ ოლქებშიც მეორე ტურში ასევე აქვთ უპირატესობა.
ამ მომენტში ჩვენი ამოცანაა, რომ არ დავუშვათ ხმების გაყალბება, რომელიც შეიძლება უბნებზე ხდებოდეს. ვაკეში მე მაქვს უპირატესობა, შემოსული უბნებიდან უმრავლეს უბნებში ვიგებ“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.