ელენე ხოშტარია - გიორგი რურუა სისტემის მსხვერპლია 
ელენე ხოშტარია - გიორგი რურუა სისტემის მსხვერპლია 

აბსოლუტურად ნათელია, რომ გიორგი რურუას საქმეზე არის სრული კონსოლიდაცია, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, გიორგი რურუას საქმეზე ოპოზიციის ერთობლივი გაცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ერთი კონკრეტული მოქალაქე დღეს არის სისტემის მსხვერპლი.

„პოლიტიკურად, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოს მსგავსი გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან აზიანებს პოლიტიკურ კლიმატს. სწორედ ამას გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორებიც. სწორედ ამიტომ იყო გიორგი რურუას საქმე 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ეს გამოსავალი დღეს იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან გიორგი რურუას შეწყალება. ვფიქრობ, პრეზიდენტს, რომელმაც უკვე გადადგა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების, დღეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს როგორც ზეპარტიულ სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებულ ადამიანს. მგონია და ვიმედოვნებ, რომ ამ შანსს პრეზიდენტი ხელიდან არ გაუშვებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

დატოვე კომენტარი