ელენე ხოშტარია - გავრცელებულ ჩანაწერებში ვხედავთ ბინძური საქმეების გამკეთებლების ​ჩხუბს ერთმანეთში
ელენე ხოშტარია - გავრცელებულ ჩანაწერებში ვხედავთ ბინძური საქმეების გამკეთებლების ​ჩხუბს ერთმანეთში

ხალხის საზრუნავია, რომ ხელისუფლების სიახლოვეს არ არსებობდნენ ადამიანები, ვინც მკვლელობის საქმეზე ხელს აფარებენ, შემდეგ რიგდებიან, ციხეში ასე მიდიან და მაფიოზურ გარჩევებში შედიან ერთმანეთში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გავრცელებული ჩანაწერების თემაზე კომენტირებისას განაცხდა.

„ამ ჩანაწერებზე ფორმალურად, ტექნიკურადაც კი არ აქვთ არგუმენტი, რომ ავთენტური არ არის. თავისთავად ცხადია, რომ ეს ლაპარაკი შედგა და ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ბინძური საქმეების გამკეთებლების ჩხუბს ერთმანეთში, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო მოხელეები, სამართალთან დაკავშირებული მაღალჩინოსნები იცავდნენ კანონს, ერთმანეთზე არიან გაბრაზებულები, ერთმანეთთან არიან რაღაც გარიგებებში“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, მირზა სუბელიანმა საგამოძიებო კომისია მოატყუა.

„რომ ავიღოთ შაყულაშვილის ეპიზოდი, თავისთავად ცხადია, სუბელიანმა მოატყუა კომისიას. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს იყო ტყუილი, გამოჩნდა კომისიაზე და სახელმწიფოს არანაირი რეაგირება არ ჰქონია ამაზე. მერე ასე უცებ გასკდა ბუშტივით ეს ტყუილი. რატომ, რაზეა გაბრაზებული შაყულაშვილი სუბელიანზე, ნაცვლიშვილი პეტრეზე, პავლეზე, ეს არ არის ხალხის საზრუნავი. ხალხის საზრუნავია, რომ არ არსებობდნენ ხელისუფლების სიახლოვეს ადამიანები, ვინც მკვლელობის საქმეზე ხელს აფარებენ, მერე რიგდებიან, ციხეში ასე მიდიან და მაფიოზურ გარჩევებში შედიან ერთმანეთში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.