ელენე ხოშტარია - გადავადება ვერაფერს შეცვლის, ანაკლიის პროექტი პრაქტიკულად ჩაშლილია
გადავადება ვერაფერს შეცვლის, ანაკლიის პროექტი პრაქტიკულად ჩაშლილია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს გეოპოლიტიკურად არ მოსწონს ანაკლიის პროექტი.
„დღეს ანაკლიის პროექტი ჩაშლის ზღვარზეა. გუშინ გავიგეთ დამატებითი ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს გეოპოლიტიკურად არ მოსწონს ანაკლიის პროექტი. მას არ მიაჩნია, რომ ამერიკელები უნდა იყვნენ შავ ზღვაში. ეს რომ ძალიან ლოგიკური ჯაჭვის ნაწილი არ იყოს, რაც ხდებოდა ანაკლიის მიმართ, კიდევ შეიძლება, არც ღირდეს რაღაც საუბარი, ვინ ვის რა უთხრა.
ძალიან ლოგიკური დაგვირგვინებაა იმ პროცესის, რაც ანაკლიის მიმართ ხდებოდა. კითხვები არის ბიძინა ივანიშვილის წინაშე, მათ შორის კანონის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით და სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება, რომ ასეთი ზიანი ჩვენს ქვეყანას არ მიადგეს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ამასთან, ელენე ხოშტარიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ანაკლიის კონსორციუმს რესურსის ბოლომდე გამოსაყენებლად ვადას წლის ბოლომდე აძლევს.
„ეს არის ცინიზმი, რადგან ამ პირობებში, რაც სახელმწიფომ გააკეთა, არ შეასრულა ვალდებულებები, დიდი ხნის განმავლობაში ჩაიშალა ტენდერები, რაც იყო სახელმწიფოს ვალდებულება. გაჯანჯლებით აკეთებდა ან საერთოდ არ აკეთებდა. გარდა ამისა, პირდაპირი ორკესტრირებული თავდასხმა იყო შემსრულებლებზე. თავდასხმა, რომელსაც არანაირი სისხლის სამართლებრივი ლოგიკა არ ჰქონდა. არ იყო საუბარი საჭირო იმაზე, რომ ხაზარაძე ფულის გამთეთრებელია, თუ მიზანი არ გქონდა, რომ პროექტი დაგეზიანებინა. ამ ყველაფრის შედეგად, პრაქტიკულად დაამსხვრიეს ნაკუწ-ნაკუწ ანაკლიის პროექტი. ლაპარაკი, რომ ორი თვე კიდევ რაღაზე იქნება ნიშნის მოგებით თან, რომ ამ ორ თვეში თუ უნდათ, რამე ქნან. რა უნდა ქნან? პროექტი უკვე დაანგრიეს. სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ უკვე ნაჩვენებია, ამიტომ ვერანაირი ორი თვის გადავადება და ორი თვის მიცემა ამას ვერ შეცვლის, რადგან ეს პროექტი პრაქტიკულად ჩაშლილია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.