ელენე ხოშტარია - ერთადერთი გამოსავალი არის ოპოზიციის ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ყველა უნდა შევჯერდეთ ყველანაირი პირადი თუ ცალკე აღებული რომელიმე პარტიის ინტერესის გვერდზე გადადებით
ელენე ხოშტარია - ერთადერთი გამოსავალი არის ოპოზიციის ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ყველა უნდა შევჯერდეთ ყველანაირი პირადი თუ ცალკე აღებული რომელიმე პარტიის ინტერესის გვერდზე გადადებით

ერთადერთი გამოსავალი ამ პირობებში არის ოპოზიციის ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ყველა უნდა შევჯერდეთ ყველანაირი პირადი თუ ცალკე აღებული რომელიმე პარტიის ინტერესის გვერდზე გადადებით, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარიამ ზურა ჯაფარიძესთან („გირჩი-მეტი თავისუფლება“) და გიორგი ვაშაძესთან („სტრატეგია აღმაშენებელი“) ერთად ბრიფინგი გამართა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას გამოეხმაურა.

„შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადამიანური მოპყრობის პირობებში მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს, პირველ რიგში, დადასტურდა მათ მიერვე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი ან რაღაცას თავად იზიანებს, ან არ ჭამს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია ამ ციხეში. ეს არის არა მხოლოდ ადამიანის გათელვა და შურისძიება რუსული საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის ჩვენი, საზოგადოების შეურაცხყოფა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტი ერთხმად, ძალიან მტკიცედ, მკაფიოდ გვეუბნება, რომ ასეთი მოპყრობა ადამიანთან არის შეუთავსებელი საერთოდ ფიქრთანაც ევროპაში გაწევრიანების.

მე, ზურა და გიორგი ვაპირებდით განცხადების გაკეთებას ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და, ზოგადად, სამოქმედო გეგმაზე. ეს ჩვენ გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ყველა მოქალაქეს, მაგრამ, განსაკუთრებით, ოპოზიციას. ერთადერთი გამოსავალი ამ პიროებებში არის ოპოზიციის ერთიანი კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ჩვენ, ყველა, უნდა შევჯერდეთ ყველანაირი პირადი თუ ცალკე აღებული რომელიმე პარტიის ინტერესისა და ეგოს გვერდზე გადადებით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.