ელენე ხოშტარია - ელჩების თანდასწრებით იმ ოთხი ადამიანის გვარი ნამდვილად დასახელდა 
ელენე ხოშტარია - ელჩების თანდასწრებით იმ ოთხი ადამიანის გვარი ნამდვილად დასახელდა 

ელჩების თანდასწრებით იმ ოთხი ადამიანის გვარი ნამდვილად დასახელდა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ეს დიდი მონაპოვარი, შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან. მათ შორის – ორი დოკუმენტისგან. ერთი დოკუმენტი არის საარჩევნო და მეორე ის, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებით გამოყენებული, რაც დიპლომატიურ ენაზე სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკური დევნა უნდა დამთავრდეს, მაგრამ არ მინდა, ეს გადავიყვანო „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის კინკლაობაში, ითქვა-არ ითქვა. მოდით, მათ კეთილსინდისიერებაზე, პასუხისმგებლობაზე და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იყოს, რას იტყვიან, მაგრამ ფაქტია, შედეგი უნდა დადგეს; ეს ადამიანები უნდა გამოვიდნენ და ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლიტიკური დევნის ფურცელი უნდა დაიხუროს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ამ განცხადებით ელენე ხოშტარიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დასახელდა თუ არა ელჩების თანდასწრებით იმ ოთხი ადამიანის გვარი, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს და არსებობს თუ არა კავშირი შედეგის ასე მალე დადგომასა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დანიშვნას და ამ პროცესში ჩარევას შორის.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, თუ შედეგი არ დადგება, შეთანხმება ჩაიშლება.

„შეთანხმება ორი პაკეტისგან შედგება, რომელზეც ხელი მოეწერა და შესაბამისად, მთლიანად შეთანხმება ჩავარდება, თუ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ამ სცენარზე საუბარი არ მინდა. იმიტომ, რომ ნომებერში, როცა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება მოატყუა, ეგონა, ეს გაუვიდოდა, მაგრამ არც საზოგადოების შიგნით გაუვიდა და რაც მთავარია, ამას დღეს ახალი ფაქტორი დაემატა, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების უშუალო მედიაცია, რაც კიდევ უფრო ძლიერი ფაქტორია. ვერ წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩთან გატეხოს სიტყვა და პოლიტიკური თვითმკვლელობით დაამთავროს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ფატალური შეცდომა დაუშვა, როცა დაიწყეს ლაპარაკი, რომ თუ კონგრესმენი რაღაცას ლაპარაკობს, ეს აშშ-ის პოზიციას არ ნიშნავს.

„უნდა გესმოდეს, რომ ეს არ უნდა თქვა შენ პარტნიორებზე და კონგრესმენებზე მით უმეტეს, აშშ-ში. რა თქმა უნდა, მივიღეთ სრულიად კონსოლიდირებული ამერიკის პოზიცია, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებაში, რომელიც არის დემოკრატიის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ამერიკელების წონა და ძალა.

„აშშ-ში ვიზიტზე რომ ვიყავით და მერეც, ჩვენი პარტნიორები სულ საუბრობენ იმაზე, რომ გადამწყვეტი არის ის, რასაც ქართული საზოგადოება გადაწყვეტს და ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც არის დემოკრატიის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ამერიკელების წონა და ძალა ძალიან დიდია; ფული, რესურსი და ა.შ. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩის წვლილიც ძალიან დიდი იყო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.