ელენე ხოშტარია - დღევანდელი სხდომა იყო ყველაფერი, პარლამენტის გარდა
ელენე ხოშტარია - დღევანდელი სხდომა იყო ყველაფერი, პარლამენტის გარდა

დღევანდელი სხდომა იყო ყველაფერი, პარლამენტის გარდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის მიერ გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების შეურაცხყოფით ხელისუფლებას ჰგონია, რომ ქვეყნის მართვას შეძლებს. ხოშტრიას თქმით, „ეს ძალიან ძვირი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“, რადგან არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია ასეთი ძალადობრივი ენით საზოგადოებასთან საუბარი“.

„დღევანდელი სხდომა იყო ყველაფერი, პარლამენტის გარდა. პარლამენტის არსი რაც არის, იმის საწინააღმდეგო იყო. დილით ვნახეთ მოძალადე ხელისუფლება ემზარ კვიციანის სახით, რომელიც არის „ქართული ოცნების“ საყრდენი. ვნახეთ კანონდარღვევა, რადგან ემზარ კვიციანი მაშინვე, იმ ძალადობისთვის უნდა დაეკავებინათ. იმისთვის, რომ დღეს შენობიდან გამოსულიყვნენ, პოლიციის კორდონები დასჭირდათ, რადგან ადამიანების რისხვას ვერსად გაექცევიან. ძალის დემონსტრირების მცდელობა სინამდვილეში არის ხელისუფლების სიმხდალე. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რაც ყველაზე მთავარია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ხალხის მხარდაჭერა, ის დაკარგული აქვთ. უბრალოდ საზოგადოების შეურაცხყოფით ჰგონიათ, რომ შეძლებენ ქვეყნის მართვას. ეს ძალიან ძვირი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“, რადგან არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია ასეთი ძალადობრივი ენით საზოგადოებასთან საუბარი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დღეს გამოუცხადა. მთავრობამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.