ელენე ხოშტარია - დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის
ელენე ხოშტარია - დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის

ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის, არჩევნებისთვის, რომელიც გადაწყვიტეს, რომ წაგვართვან, – ამის შესახებ ვაკის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვდგავარ ადგილზე, სადაც 30 წლის წინ შეუპოვარი ბრძოლით, ერთიანობით, პრინციპულობით ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოძერწეს, შეიძინეს და გადმოგვცეს თავისუფლება. თავისუფლება, რომლის გარეშე ჩვენი სახელმწიფო არ არსებობს. ამ თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება, მოქალაქის ნება და არჩევანი, თავისუფალი საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს ძალაუფლებას და არავინ სხვა. დღეს, სწორედ ეს 30-წლიანი მონაპოვარი, რომლის წინაშე ჩვენ ყველა სათითაოდ, მნიშვნელობა არ აქვს რა სტატუსის ვართ, განსხვავებულად ვფიქრობთ თუ არა, ამ მონაპოვარის წინაშე, რომ არ წაგვართვან თავისუფალი არჩევანი, ყველა პასუხისმგებელი ვართ, დღეს ეს თავისუფლება საფრთხეშია.

ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, ჩვენ აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის, არჩევნებისთვის, რომელიც გადაწყვიტეს, რომ აიღონ და უცებ წაგვართვან. რაზეც ჩვენ ყველა, ამდენი ადამიანი ვეუბნებით არას. ვერ წაგვართმევთ. საქართველოს მართავს მოქალაქე, მოქალაქეების ნება და არავინ სხვა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე განცხადებით, არ არსებობს უსაფრთხოება, ჯანდაცვა, კოვიდის დამარცხება და განათლება თავისუფლების გარეშე.

„რისი იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილს, მას აქვს შუღლის, ჩვენი დაპირისპირების, უმოქმედობის და რეპრესიების იმედი. გუშინ კიდევ ორი პოლიტპატიმარი დაემატა, ივერს, ნატალიას და რურუას კიდევ დაამატეს პოლიტპატიმრები, ჩვენ შეგვიძლია მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება, როდესაც ეს ადამიანები არიან მძევლები ბიძინა ივანიშვილის. არ შეგვიძლია უმოქმედობა, არც ჩხუბს ვაპირებთ, არც შუღლს, ვაპირებთ ერთიანად, პრინციპულად, შეუპოვრად, ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას.

დღეს ბიძინა ივანიშვილი გვატყუებს, თითქოს ჩვენ გვაქვს არჩევანი უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის, თითქოს ჩვენი თავისუფლება ჯანდაცვის ხარჯზე გადის. არ არსებობს არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც კოვიდის დამარცხება, არც განვითარება, არც განათლება, არანაირი პერსპექტივა თავისუფლების გარეშე, სწორედ ამიტომ, იმიტომ, რომ ეს პერსპექტივა ჩვენს შვილებს შევუქმნათ, ჩვენ მთელი საქართველო შევიკრიბეთ, აუცილებლად გამოვგლეჯთ ერთმანეთის მოფრთხილებით, ყველა წესის დაცვით გამოვგლეჯთ, სპეკულაციის საშუალებას არ მივცემთ და დავიბრუნებთ არჩევნებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.