ელენე ხოშტარია - ჩანაწერში საუბარია ვიღაცების წამებაზე, ავტომატიან ადამიანებზე, ხელისუფლება ვალდებულია, სწრაფად იმოქმედოს
ელენე ხოშტარია - ჩანაწერში საუბარია ვიღაცების წამებაზე, ავტომატიან ადამიანებზე, ხელისუფლება ვალდებულია, სწრაფად იმოქმედოს

ოპოზიციონერი დეპუტატის ელენე ხოშტარიას შეფასებით, დადასტურდა, რომ მირზა სუბელიანი სახელმწიფოსთან გარიგებაშია და ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება სწორედ ხელის დაფარებით წარიმართა.

როგორც ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის შეხვედრა იმის დადასტურებაა, რაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დადო.

„ხელისუფლება ვალდებულია, ძალიან სწრაფად იმოქმედოს. რა გაბუქებულია და რა არა, ამის შესწავლას არ დავიწყებთ, მაგრამ ჩანაწერებში საუბარია ვიღაცების წამებაზე, ავტომატიან ადამიანებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობის მთელ კასკადზე. ეს კიდევ ერთი მაგალითია სახელმწიფოს მაფიოზური მართვის.

სხვათა შორის, პროკურატურის რეაგირება დასტურს თავისთავად ნიშნავდა, რომ საუბარი რეალურად შედგა, მაგრამ პროკურატურა დანაშაულის კასკადს კი არ იძიებს, არამედ იმას, ჩანაწერები როგორ გავრცელდა.

ყველას მადლობა უნდა ვუთხრათ, ვინც სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობის პირობებში ინფორმაციას ავრცელებს. ხელში სწორედ ის დაგვრჩა, რომ დანაშაულს ვებრძოლოთ. არჩევნების გზით კი, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გავცეთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.