ელენე ხოშტარია - ახალი მთავარი პროკურორი საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა დაინიშნოს 
ელენე ხოშტარია - ახალი მთავარი პროკურორი საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა დაინიშნოს 

ახალი პროკურორი „ქართული ოცნების“ მხრიდან ვეღარ დაინიშნება, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა აქციის მონაწილეებსაც აქვს, რაც ლეგიტიმურია.

„ამის მოთხოვნა აქციაზეც არის და ეს ძალიან ლეგიტიმური, ლოგიკური მოთხოვნაა. „ქართულ ოცნებას“ ნდობის მანდატი ამოწურული აქვს და ის პროკურორის დამნიშნავი ვერ იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, პროკურორი ისევ თეა წულუკიანის ან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ დაინიშნოს. ის საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა დაინიშნოს. პროკურორი თუ ისევ „ქართულ ოცნებას“ დავანიშნინეთ, პრობლემა მართლა შოთაძეში ხომ არ არის?! ეს არის „ქართული ოცნების“ ძირი და ღერძი, რომელიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან მიდის“, – განაცხადა ხოშტარიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აქცია პოლიტიკურია, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ეს უსამართლობის მიმართ აქციაა, რომელმაც ქვეყანაში მათ შორის, პოლიტიკური კრიზისი შექმნა.

„სასამართლო რომ არ მუშაობს, პროკურატურა ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს და ადამიანის უფლება ითელება, აბა, რასთან გვაქვს საქმე?! „ქართული ოცნება“ რაც უფრო გვიან მოახდენს რეაგირებას და რაც უფრო ისეთი არაადეკვატური იქნება, როგორიც დღეს თეა წულუკიანი იყო, კრიზისი მით უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აუცილებელია თუ არა პარლამენტის საგამოძიებო კომისია და რა შედეგს ელის პარტია „ევროპული საქართველო“, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ისეთი სასამართლო, პროკურატურა და პროკურორი უნდა იქნეს მიღებული, რომელიც სიმართლეს დაადგენს.

„კომისიის შემადგენლობა მნიშვნელოვანია, რადგან ბიუროკრატიულ, გაჯანჯლების პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებთ. თუ ჩვენ გვინდა, სიმართლე მართლა დავადგინოთ, კომისია ოპოზიციით რეალურად უნდა იყოს დაკომპლექტებული და მათ შორის, თავმჯდომარეც ოპოზიციიდან უნდა იყოს. მხოლოდ საპარლამენტო კომისია ვერაფერს იზამს. ეს ერთ-ერთი საშუალებაა და აუცილებელია, ბრძოლა ყველა მხრიდან წარიმართოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

დატოვე კომენტარი