ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე

ვართ გარკვეულ გზაგასაყარზე. ამიტომაც არის, რომ ნაკლებია ქუჩაში ხალხი, რადგან გარკვეული პოლიტიკური სიცხადე აკლია, თუ რა ტიპის ბრძოლაში ვართ ჩვენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გადაცემა „პოლიტ-ქალაქისთვის“ ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, თუ რამეს მოითხოვს ახლა ოპოზიციისგან, ეს არის სიცხადე.

„არ მინდა, შანტაჟის ენით ველაპარაკო არავის ოპოზიციაში. სიცხადე მინდა, რომ იყოს საზოგადოებაში. თუ რამეს მოვითხოვ ოპოზიციისგან ახლა, ეს არის სიცხადე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, – „ოპოზიცია თუ შეთანხმდება და იტყვის, რომ არ მივდივართ არჩევნებზე, შეწყვეტთ შიმშილობას?“ – ხოშტარიამ უპასუხა: „კი“. რაც შეეხება კითხვას, „ხელისუფლებისადმი ამ შიმშილობას მოთხოვნა არ აქვს?“, – ხოშტარიამ უპასუხა: „არანაირი, იმიტომ, რომ ხელისუფლება არ არსებობს“.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლებას კატასტროფულად უნდა, ოპოზიციამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

„პროტესტმა არაფერი არ მოიტანა და არ გამოვიდა ქუჩიდან არაფერი, არის კაპიტულაცია. და ეს კაპიტულაცია არ გამოუცხადებია არცერთ პოლიტპატიმარს და ახლა გადაწყვიტა, პოლიტიკურმა პარტიამ გამოაცხადოს ეს კაპიტულაცია? პოლიტიკოსი, რომელმაც ჩაიქნია ხელი, უნდა წავიდეს სახლში. გავცდით ჩვენ იმ სტადიას, სადაც არჩევნებზე ხდებოდა მანიპულაცია. მათ გააუქმეს არჩევნები მთელი თავისი არსით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ გადაცემა „პოლიტ-ქალაქთან“ ინტერვიუში, რომლის ანონსიც გავრცელდა.