ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს
ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მოსაზრებებზე საუბარს მას შემდეგ გეგმავს, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

ვანო მერაბიშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ სურს „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდეს, თუმცა როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს, ამის შესაძლებლობას ვეღარ ხედავს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი იმ ფუნდამენტურ განსხვავებებზე საუბრობს, რომელიც პარტიებს შორის განხეთქილების მიზეზი გახდა.

„ვანო მერაბიშვილი სანამ ციხეშია, მის პოლიტიკურ მოსაზრებებზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გავიყავით ფუნდამენტური განსხვავებების შედეგად და არა ვინმეს წაჩხუბების შედეგად. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს განსხვავებული გზა. განსხვავებულად ვხედავთ წარსულის ეპიზოდებსა და სამომავლო გზასაც. ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ხელისუფლებასთან და ასევე ვურჩევ „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომ ჩვენთან ბრძოლის ნაცვლად, კონცენტრირდნენ ხელისუფლებასთან ბრძოლაზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი იყოს.

კითხვაზე, როგორ უყურებს პარტიის გაყოფას და რომელი პოლიტიკური ძალის შეხედულებებს იზიარებს, ვანო მერაბიშვილი პასუხობს, რომ მისთვის ორივე პარტიაში არიან მეგობრები და მიზანია, რომ ეს ძალები საერთო მიზნის მისაღწევად კვლავ გაერთიანდნენ.