ელენე ხოშტარია - 16 დეკემბრის და ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია არის ლეგიტიმური, უბრალოდ, ჩვენ ამ აქციას არ ვუერთდებით
ელენე ხოშტარია - 16 დეკემბრის და ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია არის ლეგიტიმური, უბრალოდ, ჩვენ ამ აქციას არ ვუერთდებით

16 დეკემბრის აქცია და მშვიდობიანი ნებისმიერი აქცია არის ლეგიტიმური, უბრალოდ, ჩვენ ამ აქციას არ ვუერთდებით, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„თავისთავად ეს აქცია და მშვიდობიანი ნებისმიერი აქცია არის ლეგიტიმური. მეტიც, ამ ვითარებაში პროტესტი გამოთქვა ამ ტიპის არჩევნებზე, ასევე ლოგიკური და ლეგიტიმურია. უბრალოდ, ჩვენ ამ აქციას არ ვუერთდებით. მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ მიგვაჩნია, მთავარ ამოცანაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და მთელი საპროტესტო ენერგია პროპორციულ არჩევნებზე უნდა წავიდეს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, „ევროპულმა საქართველომ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ ინაუგურაციის პარალელურად დაგეგმილ აქციაში პარტია მონაწილეობას არ იღებს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ნორმალურია, როცა ქვეყნის ექსპრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტებს უშვერი სიტყვებით ლანძღვას და ამავდროულად, თავს პროდასავლურს უწოდებს, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ უშვერი სიტყვებით ყველგან ლანძღავენ, ოღონდ, ეს ცუდია.

„პოლარიზებული გარემო არის ძალიან ცუდი და პოლარიზებულ გარემოში შეურაცხყოფის მიყენება არის ძალიან ცუდი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ სცდება დემოკრატიულ ჩარჩოს. დემოკრატიულ ჩარჩოს სცდება ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებდა ამ არჩევნების განმავლობაში, მათ შორის, ვაშაძის, ჩვენი პარტიის და რაც მთავარია, საზოგადოების წინააღმდეგ, ადამიანების დაშინებით. შემთხვევა გვაქვს, როცა ზუგდიდში ქალბატონი გარდაიცვალა და გარდაიცვალა იმიტომ, რომ შეურაცხყოფილი იყო იმ ზეწოლით, რომელიც მასზე განხორციელდა. ხელისუფლების მხრიდან კი ჯერ არანაირი რეაგირება არ არის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.