ელენე გიორგაძე - მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს უკეთესად, ადამიანი 50 დღე როდესაც შიმშილობს, არავის გაუკვირდეს, ფეხბურთს რომ ვერ ითამაშებს
ელენე გიორგაძე - მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს უკეთესად, ადამიანი 50 დღე როდესაც შიმშილობს, არავის გაუკვირდეს, ფეხბურთს რომ ვერ ითამაშებს

დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე, ექიმები და პაციენტი ვართ კმაყოფილები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს კალორაჟი და კვება მცირედით იყო გაფართოებული. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. სტაბილურია მისი მდგომარეობა. ჩივილები არ ჰქონდა. მაინც გავუკეთეთ ექოკარდიოგრაფია. ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე. შიმშილის მარკერები ნორმალურია. ნელ-ნელა ვილის მოწესრიგებაც დაიწყო. ამასობაში გარკვეული მიკროელემენტების, ვიტამინების დოზას უკვე ვამცირებთ. ხვალიდან გადავდივართ დაკვირვების სტადიაში. ნელ-ნელა გავაფართოვებთ კალორაჟს, შევიყვანოთ სხვადასხვა პროდუქტებს. ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე. შემდეგ ინიშნება უკვე სხვა კვება. სააკაშვილი თავს გრძნობს უკეთესად. ნურავის გაგვიკვირდება, რომ სისუსტე რჩება. თუმცა არაა ისეთი, როგორიც იყო შაბათს რომ ვნახე. 50 დღე ადამიანი როცა შიმშილობს, არავის გაუკვირდება, ფეხბურთს რომ ვერ ითამაშებს. ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, ყოველდღე მოგაწვდით ინფორმაციას“,- განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, ჰოსპიტალში ექიმების შესვლა პაციენტის თანხმობით ხდება.

„თითოეული ჩვენი შესვლა ხდება პაციენტის თანხმობით. პაციენტი ირჩევს და გვაძლევს თანხმობას, ვინ და როდის იმუშავებს. პაციენტს ჰყავს ფსიქიატრი, რომელიც პირველი დღიდან აკონტროლებდა. როგორც კი პაციენტისგან გვექნება თანხმობა, ეგრევე იქნება გამოძახებული. ხვალ ჩამოვა მთელი კონსილიუმი. ისინი შეაფასებენ თავის სისტემებს. აქ კიდე ბევრი ექიმი გვეხმარება და ყველა აკვირდება თავის დარგს“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ.