ელენე აგლაძე - სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს
ელენე აგლაძე - სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ელენე აგლაძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე თემაზე – „გაერო-ს წესდების დაცვა და შესრულება“.

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ოფისის ინფორმაციით, თავის გამოსვლაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ აღნიშნა, რომ გაერო-ს წესდების მიღებიდან 75 წლის შემდეგ, მსოფლიოში რეგულარულად ვხედავთ წესდებაში განმტკიცებული საერთაშორისო სამართლის პრინციპების რღვევისა და მულტილატერალიზმისა და წესებზე დაფუძნებული წესრიგის შერყევის მცდელობებს.

ელენე აგლაძემ ისაუბრა აღნიშნული კუთხით რეგიონის შემაშფოთებელ გამოცდილებაზე, უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრის დესტრუქციული ქმედებების შედეგად ორი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დარღვეულია. მისი თქმით, 2020 წელს სრულდება 12 წელი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. რამდენიმე წლის შემდეგ, იგივე აგრესიის მსხვერპლი უკრაინა გახდა.

ელენე აგლაძემ აღნიშნა, რომ უშუალოდ 2008 წლის ომის შემდგომ, როდესაც ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების ყოფნის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რუსეთმა, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და იმავდროულად კონფლიქტის მხარეა, ვეტო დაადო გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის მანდატს საქართველოში (UNOMIG), რითაც სრული ვაკუუმი შექმნა ადგილზე. „საერთაშორისო სამართლის ასეთი უხეში დარღვევები, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებასა და მთლიანად, საერთაშორისო წესრიგს“, – განაცხადა საქართველოს წარმომადგენელმა.

მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ისაუბრა ოკუპანტი ძალის მიერ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის უარყოფაზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ორივე რეგიონში რჩება მძიმე სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა და სამხედრო ბაზები, ტარდება სამხედრო წვრთნები, რაც კიდევ უფრო მეტად აზიანებს რეგიონში არსებულ მყიფე ვითარებას. აღნიშნულს ემატება რუსეთის მიერ საქართველოს ამ რეგიონების დე ფაქტო ანექსიის პოლიტიკა, რაც მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სისტემების შერწყმას. ელენე აგლაძემ ასევე განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერებისა და მავთულხლართების გავლების მიმდინარე პრაქტიკა, ე.წ. გამშვები პუნქტების რეგულარული ჩაკეტვა მნიშვნელოვნად ამძიმებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას, რამაც ფატალური შედეგებიც გამოიწვია.