ელდარ შენგელაიას ფილმმა „სავარძელი", რუსეთის კინოპრემიის კონკურსში გაიმარჯვა
ელდარ შენგელაიას ფილმმა „სავარძელი", რუსეთის კინოპრემიის კონკურსში გაიმარჯვა

პირველ აპრილს მოსკოვში რუსეთის ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის, „ნიკას” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ნომინაციაში – „დსთ-ს, საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი” ელდარ შენგელაიას ფილმმა „სავარძელი” გაიმარჯვა. შარშან იგივე ნომინაციაში გამარჯვებული და „ნიკას” მფლობელი კიდევ ერთი ქართველი რეჟისორი – რუსუდან გლურჯიძე გახდა ფილმით „სხვისი სახლი”.

ელდარ შენგელაიას სარეჟისორო მოღვაწეობა ათეულობით წელს ითვლის. ყველასთვის საყვარელი ფილმებით – „შერეკილები”, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი”, „სამანიშვილის დედინაცვალი”, „არაჩვეულებრივი გამოფენა”. რეჟისორმა ქართულ კინოში მთელი ეპოქა შექმნა. მის სახელს არაერთი საერთაშორისო ჯილდო და საპატიო პრემია უკავშირდება.

წელს ელდარ შენგელაიას 85 წელი შეუსრულდა, თუმცა შემოქმედებით საქმიანობას კვლავაც აგრძელებს.

„სავარძელი” ელდარ შენგელაიას ახალი ფილმია, რომლის პრემიერაც 2017 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

პრემია „ნიკას” ყოველწლიურად რუსეთის კინოაკადემია გასცემს. წელს დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მოსკოვში 31-ედ გაიმართა.