ელჩის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერაა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება
ელჩის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერაა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერაა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. კალანდია აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

„ამჟამად ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერაა, ჩვენი სამი თანამემამულე იმყოფება. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ მათთან. ისინი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და არაფერი ემუქრება. დიდი იმედი მაქვს, რომ არც დაემუქრება მომავალში.

ასევე, კონტაქტზე ვართ სხვა ჩვენ თანამემამულეებთან სხვა რეგიონებში. ისინიც ჯანმრთელად არიან. ცხელ ხაზზე, რომელიც ჩვენთან 24 საათის განმავლობაში მუშაობს, ისინი ხშირად გამოდიან კონტაქტზე და ამიტომ ვფლობთ ინფორმაციას“, – აცხადებს ელჩი.

არჩილ კალანდიას თქმით, რაც შეეხება ამ ეტაპზე ეპიდემიის გავრცელებას, ჩინეთში დაინფიცირებულია 900-მდე ადამიანი, 26 ადამიანი კი გარდაიცვალა.

„გამომდინარე იქედან რომ ხვალ ჩინეთში აღინიშნება ახალი წელი და დიდი ქალაქები, მეგაპოლისები დაცლილია ხალხისგან, გავრცელების ახალ, გაზრდილ ტემპებს ელოდებიან თებერვლის დასაწყისში.
საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებდი, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის ინსტრუქციები და რეკომენდაციები, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან და ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ვრცელდება – იმ რეგიონებში, სადაც დაფიქსირებულია ეს შემთხვევა, პირბადით გადაადგილდნენ, მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენა და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას.

დაზღვეული არაფრისგან არ ვართ, მაგრამ იმედია, ეს ვირუსი ფართო გავრცელებას ვერ პოვებს. პროგნოზირება ამჟამად რთულია“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.