ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცეში თემატურ სემინარს – „ქართული ღვინო: მრავალფეროვნება და თვისებები“ დაესწრნენ.
ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.
დიპლომატებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ პრეზენტაცია წარუდგინეს, რომლებმაც ცენტრის საქმიანობასა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე ისაუბრეს.
დიპლომატებმა ასევე მოინახულეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, სადაც წარმოდგენილია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი განვითარების ისტორია და ქვევრის ტრადიციასთან დაკავშირებული ექსპონატები. ვიზიტის დასასრულს გაიმართა ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის დეგუსტაცია.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა – „ელჩების კონფერენცია“ 22-25 დეკემბერს თბილისში იმართება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.