ელბრიჯ კოლბი – ევროპაში ამერიკული კონტინგენტის საკითხის გადახედვის მიზანია, ნატო-მ იმოძრაოს იმ ევროპისკენ, რომელიც თავად იღებს ძირითად პასუხისმგებლობას საკუთარი კონვენციური თავდაცვისთვის

12:56, 28.07.2026

პენტაგონმა ევროპაში განთავსებული ამერიკული კონტინგენტის საკითხის გადახედვა დაიწყო, როგორც ამის შესახებ ივნისში ბრიუსელში გამართულ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე აშშ-ს ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დააანონსა. მისი მოადგილე ელბრიჯ კოლბი კი სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ ეს იქნება რეალური გადახედვა, რომელიც „მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ნატო სწრაფად და შეუქცევადად მოძრაობს იმ ევროპისკენ, რომელიც თავად იღებს ძირითად პასუხისმგებლობას საკუთარი კონვენციური თავდაცვისთვის“.

ელბრიჯ კოლბის თქმით, „ამ გადახედვის შედეგად ნატო იქცევა უფრო ძლიერ, სამართლიან და მდგრად ალიანსად“, ხელს შეუწყობს ნატო-ს, სრულად აღდგეს, როგორც ძლიერი საბრძოლო ორგანიზაცია“.

„ეს დააყენებს ნატო-ს გრძელვადიანი, მდგრადი წარმატების გზაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ერთდროულად  ვუპირისპირდებით გამოწვევებს სხვადასხვა არენაზე“, – აღნიშნა კოლბიმ.

მისივე თქმით, გადახედვა უზრუნველყოფს, რომ აშშ-ის ძალების პოზიცია ევროპაში ასახავს 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოებისა და 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიებს.

„ამ კუთხით, მიმოხილვა უზრუნველყოფს რიგ ვარიანტებს ამ მიმართულებით,  რომელიც დაფუძნებულია სტრატეგიულ სიმკაცრეზე, ძლიერ ემპირიულ საფუძველსა და გეოპოლიტიკური და სამხედრო რეალობის მკაფიო განცდაზე“, – აღნიშნა მან.

მედიის ცნობით, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეტი ნატოელ მოკავშირეებს ევროპაში ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ „ისინი დიდხანს უპასუხოდ ტოვებდნენ აშშ-ის თხოვნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით“.

2025 წლის ნატო-ს ჰააგის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, 2035 წლისთვის 5%-მდე გაეზარდათ თავდაცვის ბიუჯეტი.

 

 

მსგავსი