ეკვადორში აცხადებენ, რომ ლონდონში მდებარე საელჩოდან ჯულიან ასანჟს არ გააძევებენ
ეკვადორში აცხადებენ, რომ ლონდონში მდებარე საელჩოდან ჯულიან ასანჟს არ გააძევებენ

ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლონდონში მდებარე საელჩოდან ჯულიან ასანჟს არ გააძევებენ.

დიპლომატიური უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტატია, თითქოს სკანდალური ვებგვერდის დამფუძნებელს ბრიტანეთის მთავრობას გადასცემენ, „ვიკილიქსის“ მმართველების უმადურობას ასახავს.

მათივე თქმით, ეკვადორმა ჯულიან ასანჟს თავშესაფარი მისცა, „ვიკილიქსის“ მმართველები კი, მათ უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ.

რამდენიმე დღის წინ, „ვიკილიქსზე“ გავრცელდა ცნობა, რომ ცოტა ხნის წინ აგორებული სკანდალის გამო ჯულიან ასანჟს ლონდონში არსებული საელჩოდან გააძევებდნენ.

ეკვადორის საელჩოდან ჯულიან ასანჟის გაძევება სკანდალს უკავშირდება, რომელშიც ეკვადორის პრეზიდენტის ძმის მიერ დაარსებული კომპანია „ინა ინვესთმენთი“ ფიგურირებს. გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, ეკვადორის პრეზიდენტის ძმა, ლენინ მორენო ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს უკანონო ქმედებებს მიმართავდა, მათ შორის იყო ქრთამის გადახდა ადგილობრივი მაღალჩინოსნებისთვის. სკანდალის აგორების შემდეგ ლათინური ამერიკის ქვეყნის პრეზიდენტს იმპიჩმენტი ემუქრება. ეკვადორის გენერალურმა პროკურატურამ კი, ლენინ მორენოს საქმიანობის გამოძიება დაიწყო.

ჯულიან ასანჟის ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებაში ასანჟი გარეული არ არის, რადგან ის ვებგვერდ „ვიკილიქსის“ რედაქტორი აღარ არის.

ასანჟი ლონდონში არსებულ ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლის შემდეგ აფარებს. სკანდალური ვებგვერდის დამფუძნებელი შიშობს, რომ ეკვადორის საელჩოს დატოვების შემთხვევაში, მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოხდება, სადაც საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების გამო სამუდამო პატიმრობა ემუქრება.