ეკრემ იმამოღლუ - სოლიდარობასა და იმედს ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება წინ, ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის, სამართლიანობისა და უკეთესი მომავლისთვის
სოლიდარობასა და იმედს ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება წინ, – ამის შესახებ ნათქვამია სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში მის გვერდზე გავრცელდა.
„სოლიდარობასა და იმედს ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება წინ. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის, უფლებებისთვის, კანონისთვის, სამართლიანობისთვის, უკეთესი მომავლისთვის“, – ნათქვამია იმამოღლუს განცხადებაში.
სტამბოლის მერი ასევე გამოეხმაურა თავის მხარდამჭერთა დემონსტრაციებს.
„გასულ ღამეს ასობით სტამბოლელი შეიკრიბა თურქეთში სამართლიანობისა და დემოკრატიის მოთხოვნით. უკეთესი მომავლის საერთო ძლიერი სურვილით გაერთიანებული ერი შეუჩერებელი გახდება“, – აღნიშნულია სტამბოლის მერის განცხადებაში.
ცნობისთვის, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დაკავებამდე ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.