„ეკონომისტი“ – პუტინმა თავის გარემოცვას უთხრა, რომ თუ უკრაინაში ომი მინიმალური მიზნის მიღწევით, ანუ დონბასის დაკავებით არ დასრულდება, მას ჩამოახრჩობენ
„ეკონომისტის“ ინფორმაციით, პუტინმა თავის გარემოცვას უთხრა, რომ თუ უკრაინაში ომი მინიმალური მიზნის მიღწევით, ანუ დონბასის დაკავებით არ დასრულდება, მაშინ მას „ჩამოახრჩობენ“. როგორც „ეკონომისტი“ წერს, რუსეთის პრეზიდენტმა არ იცის, როგორ დაასრულოს ომი და ამიტომ, სავარაუდოდ ესკალაციისთვის მზად არის.
სტატიის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ თუ თუ უკრაინაში ომი დასრულდება ისე, რომ მისი თუნდაც მინიმალური მიზანი ანუ დონბასის მთლიანად დაკავება არ იქნება მიღწეული, მაშინ მის პირად უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება.
გამოცემის წყაროების ცნობით, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვასთან არიან დაახლოებულები, ომის მიმდინარეობისას პუტინმა ერთ მომენტში თანამოაზრეებს უთხრა: „ისინი ჩამომახრჩობენ“, რა კონტექსტში ითქვა ეს ფრაზა და საუბრის სხვა დეტალები არ კონკრეტდება.
სტატიის ავტორები, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნავენ, რომ რუსეთის მოსახლეობაში ომით უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება. რუსეთის ელიტაში კი განწყობა კიდევ უფრო პესიმისტურია.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, მთავარი პრობლემა არა რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა ან სამხედრო წარმატებების ნაკლებობა, არამედ ფუჭად დაკარგული დროა. „ეკონომისტის“ მიხედვით, „როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ომი, თითქმის ხუთწლიანი ბრძოლა უკვე მარცხია“.
„იზრდება განცდა, რომ მეფე შიშველია“, – განაცხადა რუსეთის ელიტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.
სტატიის ავტორები აღიარებენ, რომ არავინ იცის, რა ხდება პუტინის გონებაში, თუმცა მათი ვარაუდით, კრემლის ლიდერი სავარაუდოდ „მისი რეჟიმის კრიმინალური ლოგიკით ხელმძღვანელობს, რომ სისუსტე არასდროს უნდა აჩვენო“.
„ამ მიზეზით, რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, როგორც ეს წარსულშიც მომხდარა, ესკალაციისკენ გადადგას ნაბიჯი იმ ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც აღმოჩნდა“, – ნათქვამია სტატიაში.
„ეკონომისტის“ მიერ დასახელებულ სავარაუდო სცენარებს შორისაა ჰიბრიდული ომის გაძლიერება და დივერსიები უკრაინის მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ. კერძოდ, დასავლური სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, დარტყმა განახორციელოს ევროპაში მდებარე იმ ქარხნებზე, რომლებიც უკრაინის სამხედრო საჭიროებისთვის აღჭურვილობას აწარმოებენ. ამასთან, მათი შეფასებით, ნატო-სთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის. გარდა ამისა, სავარაუდოდ, რუსეთი უკრაინაზე დარტყმების გაძლიერებას გეგმავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ დაიწყო უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება.