ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა.
სამინისტროს ცნობით, ფხალაძე უწყებაში ენერგეტიკის სექტორს გაუძღვება.
„ინგა ფხალაძეს ენერგეტიკისა და ეკოლოგიის სექტორებში მენეჯერულ და ექსპერტულ პოზიციაზე საქმიანობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს.
ის თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა აზიის განვითარების ბანკი, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი და სხვ.
სხვადასხვა წლებში ინგა ფხალაძე თანამშრომლობდა საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, დონორულ ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებთან.
2022 წლიდან დღემდე ინგა ფხალაძე იყო „შემნახველი ბატარეების სისტემის და მწვანე წყალბადის სექტორის განვითარების პროგრამის“ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით ახორციელებდა.
ინგა ფხალაძეს კვიპროსის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტში პროექტების მენეჯმენტის ბაკალავრის, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებში მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.