ეკონომიკის სამინისტროში ჩინეთში შემცირებული ექსპორტის მიზეზს განმარტავენ
ეკონომიკის სამინისტროში ჩინეთში შემცირებული ექსპორტის მიზეზს განმარტავენ

იანვარ-მარტში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტმა 20,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 59 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებელზე.

შემცირება სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტს უკავშირდება. 2017 წლის პირველ კვარტალში ამ პროდუქციის მიწოდებამ ჩინეთში 41,3 მილიონი დოლარი შეადგინა, 2018 წელს კი მხოლოდ 12,7 მილიონი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ წელს სპილენძის მადნები ჩინეთის ნაცვლად ევროპულ ბაზარზე, მათ შორის ბულგარეთში გავიდა.

უწყების ცნობით, შესაძლოა, წლის განმავლობაში ჩინეთში მიწოდება ისევ გაიზარდოს.

სტატისტიკით, წელს იმპორტში ჩინეთიდან საქართველოში 44-პროცენტიანი ზრდაა და იანვარ-მარტში 182 მილიონი დოლარი შეადგინა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ეს 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას არ უკავშირდება.

კერძოდ, ჩინეთიდან გაიზარდა იმ პროდუქციის იმპორტი, რომელიც აქამდეც ნულოვანი განაკვეთით იბეგრებოდა.