ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოამზადეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმის რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოამზადეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმის რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოამზადეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმის რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ერეკლე კეჟერაშვილმა განუცხადა, რეფორმა გულისხმობს როგორც ავტოსადგურების, ასევე მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ლიცენზირებასა და მათ მოქცევას საკანონმდებლო ჩარჩოებში.

ერეკლე კეჟერაშვილის თქმით, საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში ინიცირება მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

„მოლოდინია, რომ საშემოდგომო სესიისთვის აღნიშნული განხილვები დასრულდება და ამის შესაბამისად, უკვე მომავალი წლის პირველი მარტიდან დაიწყება აღნიშნული რეფორმის გარდამავალი ეტაპი, რაც გულისხმობს მგზავრთა გადაყვანის რეფორმის პირველი ფაზის განხორციელებას. ამის საფუძველზე მგზავრთა გადამყვან ოპერატორებს დაუწესდებათ გარკვეული პირველადი სახის მოთხოვნები, რაც  მათი აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას გულისხმობს. ანუ მათზე გაიცემა გარდამავალი ეტაპის ნებართვა. ავტოსადგურების მიმართ დაწესდება გარკვეული მოთხოვნა, რაც გულისხმობს მათი ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანას. ასევე დაწესებული იქნება შესაბამისი გარდამავალი ეტაპი, რათა მგზავრთა გადამყვან ოპერატორებს და ავტოსადგურებს მიეცეთ დრო, რომ მათი ავტოპარკი, ავტოსადგურები მოიყვანონ შესაბამის მდგომარეობაში, ამისთვის შესაბამისი ვადა განსაზღვრული იქნება 2025 წლის პირველ მაისამდე.

ავტოსადგურებთან დაკავშირებით დღეს არსებული მდგომარეობა თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება. არსებობს პრობლემები როგორც სანიტარიასთან, ისე უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ავტოსადგურს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურული კომპონენტები და მოწყობილობები, რათა მათი მხრიდან მომსახურების გაწევა მაღალი ხარისხით ხდებოდეს. ეს ეხება როგორც მგზავრთა მოსაცდელ სივრცეს, ასევე ბაქანს, საინფორმაციო ცენტრს, მძღოლთა მოსასვენებელ სივრცესა და ასე შემდეგ. განსაზღვრულია ინფრასტრუქტურული კომპონენტები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნება მიღებული და რომელთა უზრუნველყოფაც მოუწევთ ავტოსადგურებს.

რაც შეეხება მგზავრთა გადამყვან ოპერატორებს, პირველ ეტაპზე მათი მხრიდან უნდა მოხდეს დადასტურება, რომ ისინი საქმიანობენ ბაზარზე და წარმოადგინონ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ, ავტოპარკის შესახებ, რომლითაც ახორციელებენ საქმიანობას, უზრუნველყონ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, მათ შორის საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული. ეს გულისხმობს, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მგზავრთა გადაყვანის სერვისისთვის გამოიყენება, ტექნიკური ინსპექტირება უნდა ჰქონდეს გავლილი. ამ ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე გაიცემა ნებართვა, რაც უზრუნველყოფს, რომ მგზავრთა გადაყვანის სერვისი გაწეული იქნება მხოლოდ რეგისტრირებული ოპერატორების მხრიდან. ეს დღეის მდგომარეობით არსებულ სიტუაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, – განაცხადა ერეკლე კეჟერაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე ეტაპზე,  2025 წლიდან დაწესდება განსხვავებული მოთხოვნები იმავე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან, საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებით.

„აღნიშნული პროცესი გულისხმობს იმასაც, რომ სამგზავრო ოპერატორებმა უნდა წარადგინონ ინფორმაცია მათი განრიგის შესახებ და ამ განრიგის შესაბამისად შეასრულონ რეისები. ავტოსადგურების მიმართ იქნება მოთხოვნა, მხოლოდ იმ სამგზავრო ოპერატორების სერვისები გამოიყენონ, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნებართვა ექნებათ. თითოეული რეისის შემთხვევაში განრიგის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში, რომლის საფუძველზეც უნდა სრულდებოდეს მგზავრთა გადაყვანის სერვისი. იქიდან გამომდინარე, რომ ინფრასტრუქტურულ ნაწილში ავტოსადგურები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებენ, საჭიროა შესაბამისი გარდამავალი ვადის მიცემა. ამის გამო ჩვენი მხრიდან გათვალისწინებულია შესაბამისი გარდამავალი ეტაპები და რეფორმის რამდენიმე ფაზად განხორციელებაც. ავტოსადგურები დაიყოფა რამდენიმე კლასად. კერძოდ, იქნება სამი კლასის ავტოსადგური და ამ კლასების მიხედვით ექნებათ შესაბამისი მოთხოვნები. პირველი კლასის ავტოსადგურიდან მოხდება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა სამგზავრო რეისების განხორციელება, ხოლო მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებიდან შიდა სამგზავრო გადაყვანების განხორციელება“, – აღნიშნა ერეკლე კეჟერაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონპროექტი ავტოსადგურების სამ კლასად დაყოფას ითვალისწინებს. მათი განმარტებით, პირველი კატეგორიის ობიექტები დიდ ქალაქებში მოეწყობა, რომელთაც გამართული ექნებათ ყველა ისეთი ინფრასტუქტურული კომპონენტი, როგორებიცაა საინფორმაციო ცენტრი, ბაქანი, ბილეთების გასაცემი სივრცე და სატრანსპორტო საშუალებებისთვის საპარკინგე ადგილები.

„რეისზე გასვლის წინ მძღოლებმა უნდა გაიარონ სამედიცინო და ალკოჰოლური შემოწმება. ტექნიკური ინსპექტირების საბუთთან ერთად, ყოველი მგზავრობის დაწყების წინ სატრანსპორტო საშუალება დამატებით შემოწმდება. ავტოსადგურის ადმინისტრაციას ეკისრება ვალდებულება, შეამოწმოს, არის თუ არა სატრანსპორტო საშუალება გამართული. რაც შეეხება მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებს, ისინი პირველ კლასთან შედარებით, უფრო გამარტივებული კონსტრუქციის იქნებიან“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.