ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ამასთან, ინვესტორ კომპანია „ჰუალინგს“ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ყოველ დღეზე დასარიცხი ჯარიმა 500 ლარიდან ერთ ლარამდე შეუმცირდა.

ინვესტორი შემცირებულ პირგასამტეხლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუკი ჭანტურიას ქუჩაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას 2023 წლის 26 ოქტომბრამდე დაასრულებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ განუცხადეს, „ჰუალინგთან“ 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილება მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის განკარგულების შესაბამისად შევიდა.

„თუკი პროექტი 2023 წლის 26 ოქტომბრამდეც არ იქნება დასრულებული, შემცირებული პირგასამტეხლოს პირობა გაუქმდება და კვლავ 500 ლარი გახდება. ამავე დროს, ცვლილება არ შეეხება მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის# 2545 განკარგულების ამოქმედებამდე წარმოქმნილ პირგასამტეხლოს. კომპანიას, გონივრულ ვადაში, მოუწევს იმ პირგასამტეხლოს გადახდაც, რომელიც მას 2015 წლის 21 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო წარმოექმნა“, – აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

ეკონომიკის სამინისტროს შენობა აუქციონზე 2015 წლის 26 ივნისს, 9 მილიონ 450 ათას დოლარად გაიყიდა. „ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების, ანუ არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს ამოქმედების ვალდებულება 2019 წლის 20 აპრილამდე ჰქონდა. ამის შემდეგ კომპანიას პირგასამტეხლო, დღეში 500 ლარის ოდენობით ერიცხებოდა. „ჰუალინგში“ განმარტავდნენ, რომ მშენებლობას სანებართვო პროცედურების გაჭიანურების გამო ვერ იწყებდნენ.

კომპანიამ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან თბილისში, ჭანტურიას ქუჩის 12 ნომერში შენობა-ნაგებობის სასტუმროდ რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმება 2019 წლის 26 ნოემბერს შეძლო.