ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში აღნიშნული ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანიის ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის.