ეკონომიკის სამინისტრომ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორთან მოლაპარაკებები დაასრულა
ეკონომიკის სამინისტრომ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორთან მოლაპარაკებები დაასრულა

„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, – ამის შესახებ პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

შეთანხმების ტექსტი მთავრობამ სხდომაზე უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც ხელი მოეწერება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა ერთ-ერთი უდიდესი პროექტია საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს არის ძალიან დიდი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ეს იყო მოლაპარაკების საბოლოო ეტაპი ხელშეკრულებაზე, რომელიც დაიდება ეკონომიკის სამინისტროსა და „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებს შორის. მოხერხდა ხელშეკრულების იმდაგვარად ჩამოყალიბება, რომ მიუხედავად დიდი მასშტაბებისა, პროექტი შესრულდება გარემოსდაცვითი უმკაცრესი სტანდარტების დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე ინვესტორმა და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.

„ნამახვანი ჰესების კასკადი“ იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. პროექტს თურქული კომპანია „ემ კა“ და ნორვეგიული ჯგუფი „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ ახორციელებენ. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 15 პროცენტით გაიზრდება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ“ 2017 წელს გაიმარჯვა. თუმცა, მოლაპარაკებების მიმდინარეობის გამო, მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.