ეკონომიკის სამინისტრო - პირბადეების დამზადების საკითხზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდება, რომლის მიზანია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა
ეკონომიკის სამინისტრო - პირბადეების დამზადების საკითხზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდება, რომლის მიზანია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა

როდესაც საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად, ყველაფერი კეთდება პირბადეებთან დაკავშირებული დეფიციტის დასაძლევად, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და მათთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

სამინისტროს შეფასებით, ასეთი ინფორმაციის გავრცელების მიზანი საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 17 აპრილიდან პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ხდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც სხვა საჯარო უწყებებთან კოორდინაციითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რეკორდულად მოკლე დროში განახორციელა საყოფაცხოვრებო დანიშნულების 12-შრიანი პირბადეების ადგილზე დამზადების ორგანიზება, ქვეყნის ოთხ მსხვილ სააფთიაქო ქსელს უკვე მიაწოდა 1 მილიონამდე  პირბადე, რომელიც სუბსიდირებული ფასით იყიდება“, – აცხადებს უწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოში დოლბანდისგან 12-შრიან პირბადეს ცხრა საწარმო ამზადებს. ამ დროისთვის უკვე შეკერილია 1 750 000 ცალი პირბადე.

უწყება აღნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პირბადის ტესტირება ჩაატარა მიმდინარე წლის 13 მარტს და დაასკვნა, რომ 12-შრიანი პირბადის ნიმუში, რომელიც მზადდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე პირბადე“ მონაწილე სამკერვალო საწარმოების მიერ, აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს და პირობებს და შესაძლებელია, გამოყენებული იყოს მრავალჯერადად საყოფაცხოვრებო პირობებში.

„ამასთან, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სექტორს ერთჯერადი სტანდარტული სამედიცინო პირბადეებით სრულად დააკმაყოფილებს წარმოება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ამოქმედდა. ადგილობრივი წარმოების 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ” შეიძენს და სახელმწიფოს  უსასყიდლოდ გადასცემს. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

იმ დროს, როდესაც საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად, ყველაფერი კეთდება პირბადეებთან დაკავშირებული დეფიციტის დასაძლევად, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და მათთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა როგორც წარმოებული პირბადეების ხარისხობრივი მაჩვენებლების, ასევე წარმოებაში კორუფციული ინტერესების შესახებ“, – აცხადებს სამინისტრო.

უწყებას მიაჩნია, რომ „პანდემიისას, როდესაც მთელი საზოგადოება ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა მოქმედებდეს, მსგავსი აბსურდული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია“.