ტესტირების ცენტრებში ტექინსპექტირების პროცესის მონიტორინგი მკაცრდება
ტესტირების ცენტრებში ტექინსპექტირების პროცესის მონიტორინგი მკაცრდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტესტირების ცენტრებში ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგს ამკაცრებს, – ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ყოველდღიურ რეჟიმში, ლაივკამერების საშუალებით ტექინსპექტირების პროცესზე შესაძლებელი იქნება თვალყურის დევნება.

ამასთან, აღნიშნა, რომ ამჟამად ტესტირების ცენტრებში ლაივკამერები დამონტაჟებულია, თუმცა მასალის ნახვა მხოლოდ გამოთხოვების შემდეგ არის შესაძლებელი.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაიხსენა ტექნიკური ინსპექტირების ათ ცენტრში გამოვლენილი ხარვეზები. მისი თქმით, იყო კორუფციის შემთხვევებიც და სამინისტრო ეტაპობრივად უჩერებს მათ საქმიანობას.

„ხარვეზები და გამოწვევები გამოჩნდა რეფორმის იმპლემენტაციის დროს. ამასთან, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ პირთან. რაც შეეხება კორუფციულ რისკს, გადაგზავნილი გვაქვს მასალები და მოკვლევა მიმდინარეობს. იცით, რომ ათ ცენტრს ეტაპობრივად ვუჩერებთ ​საქმიანობას. ვფიქრობ, რომ კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმი დასახვეწია. ამ მიმართულებით, ჩვენ რეგლამენტში შეგვაქვს შესაბამისი ცვლილება და გვინდა, ლაივრეჟიმში მოხდეს მონიტორინგი, დაიხვეწოს ეს მექანიზმი. რეგლამენტი მომზადებულია, მომზადებულია ცვლილების პაკეტი. ვგეგმავთ, მთავრობაზე გავიტანოთ. ცვლილება გულისხმობს მონიტორინგის დახვეწასა და ლაივკამერების სავალდებულო რეჟიმში ჩართვას. ახლა ტექინსპექტირების ცენტრებში ჩართულია ლაივკამერები. ცენტრებს აქვთ ვალდებულება, შეინახონ მასალა, აკრედიტაციის ცენტრს კი, შეუძლია გამოითხოვოს. ყოველდღე შეგვიძლია ლაივრეჟიმში ვადევნოთ თვალყური, ანუ კონტროლი გამკაცრდება“, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

აკაკი საღირაშვილის განმარტებით, 80-ზე მეტი ტექდათვალიერების ცენტრია, რომელთაც დაემატება კიდევ 51 ცენტრი. აქედან სამი მობილური ტექდათვალიერების ცენტრი იქნება.

19 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა. ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრს გამოძიების დასრულებამდე აკრედიტაცია შეუჩერდება.